25 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
"საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს - მივესალმებით საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში" -  ისლანდიის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ისლანდიაში მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, ქართველ ხალხთან სხვადასხვა სფეროში - ამის შესახებ ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ისლანდია მიესალმება საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში.

"მადლობას გიხდით, რომ გვიმასპინძლეთ საქართველოში, ამ მშვენიერ ქვეყანაში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემი ოცნება იყო, საქართველოს ვსტუმრებოდი. პირველად, ქართველ ხალხს 1990 წელს შევხვდი, საბჭოთა კავშირის დანგრევამდე. მე უნივერსიტეტში ვასწავლიდი ინგლისში და ქართველ სტუდენტებს შევხვდი ადგილზე. ამ დღის შემდეგ ჩემი ოცნება იყო საქართველოში სტუმრობა. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს და ჩვენ, ისლანდიაში მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, ქართველ ხალხთან სხვადასხვა სფეროში. ყველა ასპექტი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, რეალურად იქნა ჩვენ მიერ განხილული. როდესაც ორმხრივ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ამ კუთხით, საქართველოს სრულიად მხარს ვუჭერთ. აგრეთვე, მივესალმებით საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში. ამ მიმართულებითაც მზად ვართ, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ,"- განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა.

ამასთან, გუდნი იოჰანესონმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია მხარდაჭერის გამოცხადება და ნებისმიერი ტიპის აგრესიის დაგმობა.

"ისლანდიამ პირველი დღიდან დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში და შესთავაზა უკრაინას მხარდაჭერა, უკრაინელ ხალხს გამოუწოდა დახმარების ხელი. ჩვენ მივიღეთ ისლანდიაში ხალხი, უკრაინიდან დევნილი ხალხი მივიღეთ ჩვენს აქვეყანაში, როგორც ვხვდები, საქართველოშიც. ჩვენ გავიაზრეთ ამ პროცესში, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ნებისმიერი ტიპის აგრესია დავგმოთ“, – განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ იოჰანესონის ვიზიტი, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვან დროს ემთხვევა.

"ეს დრო ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ასევე რეგიონისა და მთლიანად ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველომ კანდიდატის მიღებით გადადგა ისტორიული ნაბიჯი და ემზადება არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისთვის. დღევანდელი პერიოდი ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის მომავალი წყდება უკრაინაში. სასტიკი ომი უნდა დასრულდეს აგრესიისა და აგრესორის დამარცხებით და სუვერენიტეტის აღდგენით. ჩვენ განვიხილეთ დღევანდელი სიტუაცია თავისი ჰუმანიტარული ასპექტებით და შევთანხმდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის სოლიდარობა ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. ისლანდია, როგორც ნატო-ს დამფუძნებელი სახელმწიფო და საქართველო, რომლის მიზანია ნატო-ში ინტეგრაცია, იზიარებენ ერთიან სულისკვეთებას ევროპის კონტინენტზე მშვიდობის სტაბილურობის და თავისუფლების განმტკიცებისთვის. ერთად განვიხილეთ ამ მხრივ შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში. პრეზიდენტთან ერთად ვრცლად განვიხილეთ ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უმძიმესი მდგომარეობა და დღევანდელი გამოწვევა, ახალი ნაბიჯები, ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში, რასაც აცხადებს რუსეთი, როგორც პროექტს, რუსეთისთვის გადაცემა წარმოადგენს ახალ აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ და ასევე დესტაბილიზაციის ნაბიჯებს შავი ზღვის მიმართულებით. დასაფასებელია, რომ პრეზიდენტმა იოჰანესონმა გამოთქვა სურვილი, მოინახულოს საოკუპაციო ხაზი და ადგილზე გაეცნოს რუსული ოკუპაციის მძიმე სახეს და შედეგებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ისლანდიის პრეზიდენტთან ასევე განიხილა ორი ქვეყნის ურთიერთობები და ამ ურთიერთობების მრავალფეროვანი ასპექტები.

"განვიხილეთ გლობალური გამოწვევები კლიმატის ცვლილებების კუთხით, რომელიც მთავარი გამოწვევაა. ესაა სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება ამ კუთხით, რამეთუ თქვენი ქვეყანა ამაში დიდი ხანია, ჩართულია. მივიჩნევ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს. პრეზიდენტი საქართველოში ბიზნესდელეგაციასთან ერთად იმყოფება და მოხარული ვარ, რომ ვიზიტის დროს საქართველოს და ისლანდიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შეძლებენ შესაძლებლობების განხილვას და ერთობლივი მიზნების დასახვას. ისლანდიას უდიდესი გამოცდილება აქვს ბუნებრივი კრიზისის მართვაში და მნიშვნელოვანია ამ მხრივაც თანამშრომლობა. გასულ წელს ორი დიდი ტრაგედია განვიცადეთ და გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კულტურული ურთიერთობებიც განვიხილეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ორბელიანების სასახლეში ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

 

დღის ამბები