25 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
რა ქენი გუდუნა ეს? რას დაგამსგავსეს, ბიჭო? ერთი ჭკუათმყოფელი არ გყავს, რომ ეკონომიკური კონსულტაცია ჩაგიტაროს - ირაკლი ზარქუამ ლევან ხაბეიშვილს

როზნერის დავალება ოპოზიციას, - უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უცხოელი პიარ კონსულტანტის, ჯერემი როზნერისგან მიიღო ინსტრუქცია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ინიციატივა სამომხმარებლო ფასების თემატიკით გადაფარონ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, როზნერის მითითებით, შეიქმნა ფოკუს ჯგუფები და პარტიის წევრებმა მიიღეს დავალება, თემის გადასაფარად, ყველას ესაუბრა ფასებზე. უმრავლესობის ლიდერმა ამ თემაზე განცხადება სესიაზე გააკეთა, რომელიც დღეს პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სესიაზე 2012 წლის პროდუქტის ფასები 2024 წლის ფასებს შეადარა და აღნიშნა, რომ ფასების ზრდა ხელისუფლებას არ ადარდებს, მაგრამ ადარდებს საქართველოს მოსახლეობას.

"ორი ქვითარი მაქვს წამოღებული, 2012 წლისა და 2024 წლის. ამ ქვითარზე დატანილია, პური, კარტოფილი, ზეთი, კვერცხი, საქონლის ხორცი, ყველი, რძე, შაქარი, ხახვი. მესმის, რომ თქვენ არ გაღელვებთ ეს პრობლემები, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს აღელვებთ. 32 ლარი და 80 თეთრი დაუჯდებოდა მოქალაქეს 2012 წელს რა პროდუქტებიც ჩამოგითვალეთ ისინი, რომ ეყიდა და 2024 წელს, 74 ლარი და 45 თეთრი უჯდება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ფასების ზრდაზე ისაუბრა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემაც, ამჯერად, ვაშაძემ თბილისი სტამბულს შეადარა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა, თუ რატომ იყო თბილისი, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად აღიარებულ სტამბულზე უფრო ძვირი.

"ხალხს თქვენთან მიმართებაში აქვს შეკითხვა - რა ხდება ამ ქვეყანაში ისეთი, რომ სტამბული, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირ ქალაქად ითვლება, იმაზე მეტი სიძვირე არის თბილისში? რა ხდება? რა გააკეთეთ ისეთი, რომ თბილისი არის ბაქოსა და ერევანზე ძვირი? რა გააკეთეთ, რომ საქართველო არის ყველაზე ძვირი ქვეყანა? ადამიანები მაღაზიაში შიშით შედიან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ხაბეიშვილისა და ვაშაძის რეპლიკებს, უმრავლესობიდან ირაკლი ზარქუამ იუმორნარევი განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ 2012 წლის ფასების 2024 წლის ფასებთან შედარება წარმოუდგენელი უვიცობაა და, ამასთან დაკავშირებით, ხაბეიშვილი ვინმეს უნდა გაეფრთხილებინა. თუმცა, როგორც მან განმარტა, ხაბეიშვილზე უარყოფით გავლენას გიორგი ვაშაძე ახდენს, რომელიც პოპულიზმით არის ცნობილი და "ყველანაირ სიგიჟეზე აწერს ხელს".

"რა ქენი გუდუნა ეს? რას დაგამსგავსეს ბიჭო? საკრებულოში მთელი იმედები გვქონდა, გამოგრწთვენით, მერე პარლამენტში ჩაგწერეს, გადმოხვედი, შემდეგ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდი და რა გიქნა ბიჭო "სტრატეგია აღმაშენებელმა", ჰა? რა გინდა თავმჯდომარე კაცს ბაზარში ბიჭო, კიტრის, პომიდვრისა და ოხრახუშის ფასებზე რომ დარბიხარ, რა არის ეს? - ახლა რეალობა, ბატონო რომან გოცირიძე, თქვენი ბრალიც არის ეს, რომ მიატოვეთ ეს პარტია და ერთი ჭკუათმყოფელი არ ჰყავს, რომ ეკონომიკური კონსულტაცია ჩაუტაროს. 2012 წლის ფასებს ადარებს 2024 წლის ფასებს და ამას ჰგონია, რომ ხალხის ამას მიიღებს და ამ პოპულიზმს დაიჯერებს. ეს იმისგან აქვს აღებული [გიორგი ვაშაძე] თორემ, ეს ასეთი გიჟი არ არის, ჭიჭე ვაშაძისგან აქვს აღებული, ის ხომ ყველაფერზე მიდის, ყველაფერს აწერს ხელს. რანაირად შეიძლება ბიჭო კოვიდის შემდეგ, ამ ომის შემდეგ, ევროპაში 25-პროცენტიანი ინფლაციის შემდეგ, თურქეთში 75%-იანი ინფლაციის შემდეგ, რანაირად შეიძლება ამ ყველაფრის შედარება, ვინმემ ხომ უნდა აგიხსნას შე დალოცვილო, მესმის რომ არ იცი. ხაბე, ჩემო ძმაო არ არის ეს პოლიტიკა შენი საქმე და რა გინდა, რომ ქნა. დაგჩაგრა იმან [გიორგი ვაშაძემ], გვერდზე რომ გიზის. მიკვირდა, მთელი ეს დრო გადამალული რომ ჰყავდათ, მეგონა მეცადინეობდა, თურმე ბაზარ-ბაზარ დადის, ქინძისა და ოხრახუშის ფასებს ეძებს და აქ წარმოგვიდგინა ახლა. გული მწყდება, რადგან საკრებულოდან მოვდივართ ერთად, ვიბრძვით, შენც შენებურად გიყვარს ქვეყანა, მაგრამ გული დამწყდა, რადგან გვერდზე რომ გიზის ის, პოპულიზმით, არაფრისმთქმელი ტექსტებით, ყელმოღერებით, რაღაც ამერიკულ სტილში აკეთებს პრეზენტაციებს, მერე მოცხებენ ტაშს და ჰქონიათ, რომ ამით აიღებენ პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გავლენ - სირცხვილია", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები