25 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
ეს ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის მოთხოვნებს, ევროკავშირის მოთხოვნებსაც და ამიტომ, ძალიან სწორია ვეტოს გამოყენება - სალომე სამადაშვილი

სალომე ზურაბიშვილმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ შეზღუდულია პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში.

პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ., მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში, სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად პარლამენტს მან წარუდგინოს.

პრეზიდენტის შეფასებით, ცესკოს მიმართ მაღალი ნდობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შენარჩუნდეს.

პრეზიდენტის შენიშვნებს უკვე იცნობენ პარლამენტში - ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეთანხმება. "ლელოში" დარწმუნებული არიან, რომ პრეზიდენტი ვეტოს დასაძლევად საკუთარ შესაძლებლობებს გამოიყენებს.

"ეს ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის მოთხოვნებს, შესაბამისად - ევროკავშირის მოთხოვნებსაც და ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი არის ვეტოს გამოყენება იმიტომ, რომ, ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი, ვეტოს გამოყენებით, ცდილობს, ის პროცესი, რომელიც შეაფერხებს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, დააბრუნოს შესაბამის კალაპოტში. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ გამოიყენებს საკუთარ შესაძლებლობებს ვეტოს დასაძლევად,“ - აცხადებს "ლელოს" პოლიტმდივანი სალომე სამადაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

„მიმაჩნია, რომ, თავის დროზე, შეცდომა იყო ოპოზიციის მხრიდან დაშვებული ის, რომ კალანდარიშვილს პირველ ან მეორე ჯერზე მხარი არ დავუჭირეთ. ჩვენ და "გირჩმა“ დავუჭირეთ. საბოლოო ჯამში, ისე მოხდება, რომ კალანდარიშვილი მაინც იქნება თავმჯდომარე, უბრალოდ, ამ ყველაფერს ჩვენი - ოპოზიციის შეცდომას შეეწირა ოპოზიციური თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. ახლა ამ სიტუაციის გამოსწორების მცდელობა არის, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს გამოსწორდეს. ვეტოს დაძლევენ, ალბათ, და ისევ ისე იქნება ყველაფერი,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება "გირჩს", საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე ვეტოს დადება სწორი გადაწყვეტილება იყო.

"ვეტოს დადება სწორი იყო, ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ არცერთხელ არ შეგვიცვლია კოდექსი ისე, რომ ზოგადად რა იქნებოდა სწორი. ცესკოს თავმჯდომარეს სიმბოლური დატვირთვაც აქვს - ადამიანი, რომელიც პოლიტიკური პრობლემის მოგვარების უნარი უნდა ჰქონდეს. ზოგადად, სწორია ვეტო, მეორეს მხრივ - შეიძლება ყველა შენიშვნას, ყველა ვერსიას ცვლილებების, რომელსაც პრეზიდენტი სთავაზობს, მეც არ ვეთანხმებოდე, მაგრამ აქ მთავარი პრობლემა უფრო ის არის, რომ დისკუსია არ იმართება ამ თემაზე,“ - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები