25 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
ევროკავშირი ღაზის სექტორში, ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს

ევროკავშირი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის დარიგებისას 100-ზე მეტი პალესტინელის დაღუპვის საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.

როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, გამოძიება ნათელს მოჰფენს მომხდარის დეტალებს.

ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო სამხედრო ოპერაციას ისრაელი ატარებს და ამიტომ საერთაშორისო ნორმებისა და ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვაზე პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.

"ამ ინციდენტის გამო პასუხისმგებლობის ტვირთი ეკისრება იმ შეზღუდვებს, რომლებიც ისრაელის არმიამ დააწესა, და ექსტრემისტების მიერ დახმარების მიწოდებაში შექმნილ დაბრკოლებებს," – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

მისივე თქმით, დაუსრულებელი სამხედრო მოქმედებები და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების იგნორირება სრულ ქაოსს გამოიწვევს, რაც ჰუმანიტარული დახმარების დარიგებას შეუძლებელს გახდის.

ბორელმა თავის განცხადებაში კიდევ ერთხელ დაგმო „ჰამასის“ თავდასხმები ისრაელზე და „ჰამასის“ მებრძოლების მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლება მოითხოვა. მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ისრაელისა და „ჰამასის“ მოლაპარაკებების მონაწილეთა ძალისხმევას.

ამასთან ერთად, ბორელმა დაგმო ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვები და მოუწოდა ისრაელს, ითანამშრომლოს გაერო-სა და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, რათა ღაზაში დახმარების დარიგება დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ მოხდეს.

ცნობისთვის, 29 თებერვალს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანისას 112 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა. მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობი რჩება. „ჰამასი“ ისრაელის არმიას პალესტინელების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, რასაც ისრაელი უარყოფს. ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ მომხდარს გამოიძიებენ და დეტალებს საზოგადოებას წარუდგენენ.

დღის ამბები