ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია იმისთვის, რომ მოვალეობა შეასრულოს - ასეთი დასკვნა მოამზადა თეთრი სახლის ექიმმა კევინ ო’კონერმა, პრეზიდენტის ყოველწლიური შემოწმების შემდეგ. თუმცა უოლთერ რიდის ეროვნულ სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო გამოკვლევის დროს, ჯო ბაიდენს, გონებრივი შრომისუნარიანობის ან კოგნიტური ფუნქციების სპეციფიკური შემოწმება არ გაუვლია. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ასეთი ტესტის საჭიროება არ არის.
ადმინისტრაციაში თქვეს, რომ კოგნიტური ფუნქციების ტესტს პრეზიდენტი ყოველდღე გადის, როდესაც სხვადასხვა თემას განიხილავს და მის სიღრმისეულ დეტალებს იგებს. ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან 81 წლის პრეზიდენტი ისევ კენჭისყრას აპირებს და ბევრი ამომრჩეველი შიშობს, რომ ის მეორე ვადისთვის ხანდაზმულია. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას აქტუალობა შესძინა რამდენიმე კვირის წინ იუსტიციის დეპარტამენტის ხმაურიანმა დასკვნამაც, რომელშიც ბაიდენის მეხსიერების პრობლემებზე იყო საუბარი.
სამედიცინო კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შარშანდლის შემდეგ არ გაუარესებულა. მას არ აქვს ინსულტის, გაფანტული სკლეროზის და პარკინსონის ნიშნები. ის განაგრძობს წინაგულთა ფიბრილაციის, იგივე არითმიის და ძილის დარღვევის მკურნალობას. განსხვავებით ჯო ბაიდენისგან, რომელიც კიდევ 4 წლის ვადით პრეზიდენტობისთვის იბრძვის, თანამდებობას ტოვებს ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, სენატის რესპუბლიკელთა ლიდერი, 82 წლის მიჩ მაკონელი, რომელსაც ცოტა ხნის წინ, პრესკონფერენციების დროს გაშეშების 2 შემთხვევა ჰქონდა. მაკონელმა დღეს თქვა, რომ დრო დაუმარცხებელია და ნოემბრის შემდეგ, პოზიციას ახალ ლიდერს გადააბარებს.
სენატში პარტიის ლიდერის პოზიციას მიჩ მაკონელი 17 წლის განმავლობაში იკავებდა, რაც კონგრესის ისტორიაში უპრეცედენტოა. სენატში მაკონელზე უფრო ხანდაზმული კანონმდებელიც არის. აიოვას სენატორი ჩაქ გრესლი 90 წლისაა. მაკონელის ასაკის არის ბერნი სანდერსი. საგარეო პოლიტიკის გავლენიან სენატორებს - ჯიმ რიშს და ბენ კარდინს, რამდენიმე თვეში, 81 წელი შეუსრულდებათ.