25 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
ჩვენ განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობები გვაქვს, საქართველოს არცერთი ქვეყანა ისე არ უჭერს მხარს, როგორც შეერთებული შტატები - აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს პარლამენტში უსმენენ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს პარლამენტი უსმენს. ამ წუთებში რობინ დანიგანი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მანამდე მას ჰქონდა მოხსენება "საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის" ძირითადი ასპექტებისა და შტატების საგარეო პოლიტიკის" შესახებ.

დიპლომატის განცხადებით, საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები. ელჩმა ისაუბრა ქვეყნის მხარდაჭერაზე როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური კუთხით.

"მსურს ჩემი გამოსვლა დავიწყო პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვებით, ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან მჭიდროდ ჩვენს პარტნიორებთან, მოკავშირეებთან, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს. ჩვენ არ დავტოვებთ თქვენს მომავალს დაუცველად, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს ხედვას. ვიმუშავებთ იმისთვის, რომ იყოს კეთილდღეობა და სტაბილურობა. ამ სიტყვებით პრეზიდენტი ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ალიანსი და პარტნიორობა უნდა იყოს გაფართოებული. ჩვენ განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობები გვაქვს. საქართველოს არცერთი ქვეყანა ისე არ უჭერს მხარს, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის განმავლობაში 6 მილიარდ დოლარზე მეტია დახარჯული და გაწეული დახმარების სახით. ეს პარტნიორობა მხოლოდ ციფრებით არ არის ასახული, ეს თანამშრომლობა ხელშესახებია. ბევრი ქართველისთვის შეიცვალა ცხოვრება ამ პარტნიორობით.

ამერიკამ ხელი შეუწყო, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული ყოფილიყო.

გასულ კვირას მქონდა საშუალება განმეხილა ჩვენი ურთიერთობები ახალ პრემიერ-მინისტრთან. მე პრემიერს დავუდასტურე მზაობა, რომ გავაღრმაოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, გავაგრძელოთ ევროატლანტიკური მისწრაფებების და ეკონომიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, შუა დერეფნის და თავდაცვის კუთხით.

ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა. ვიცი ბევრი თქვენგანი ძალიან ბევრს მუშაობდა ამისთვის და ბევრი ძალისხმევა ჩადო. მზად ვართ, რომ მხარი დაგიჭიროთ ამ გზაზე, რომ შეასრულოთ 9 პირობა. ასევე მნიშვნელოვანია მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ, თქვენ იზიარებთ ჩემს მოსაზრებას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე. პარლამენტმა, მთავრობამ, ოპოზიციამ, საზოგადოებამ და განსაკუთრებით ცესკომ უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი ხმები იქნება სამართლიანად დათვლილი და პროცესი იქნება მთლიანად გამჭვირვალე," - აცხადებს რობინ დანიგანი.

 

 

 

დღის ამბები