25 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, არასრულწლოვნების ცნობიერების ასამაღლებლად, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დასაცავად ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები 35 სკოლაში გამართა.

შეხვედრების მიზანს სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრა, დანაშაულისგან დაცვა და მათი გაფრთხილება წარმოადგენს, რადგან ბოლო პერიოდში ხშირია სოციალური ქსელებით არასრულწლოვნების პირადი ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალით შანტაჟისა და იძულების, დახურულ ჯგუფებსა და სხვადასხვა პირებთან მასალების გავრცელების ფაქტები, რასაც მძიმე შედეგები ახლავს.
მზარდი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, პირადი ცხოვრების დაცვა უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. ამ გამოწვევის წინაშე განსაკუთრებით არასრულწლოვნები დგანან. ისინი ხშირად გაუცნობირებლად ხდებიან, როგორც დანაშაულის მსხვერპლები, ასევე დამნაშავეები.

ამ ტიპის დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

გამომძიებლებმა სკოლის მოსწავლეებს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მასიურად გავრცელებულ დანაშაულებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაცია მიაწოდეს, თუ რა არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, როგორ და რა ფორმით ხდება პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა, რა არის პირადი ცხოვრების დაცვის მექანიზმები, როგორია აღნიშნული ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და რა უნდა იცოდნენ არასრულწლოვნებმა აღნიშნული დანაშაულის თაობაზე.
სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები, ასევე მანდატურის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლებიც უძღვებოდნენ, რომლებმაც ბულინგისა და კიბერბულინგის საკითხებზე იმსჯელეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ციფრული ტექნოლოგიების - სოციალური მედიის, შეტყობინებებისა თუ თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით განხორციელებული ბულინგის მსხვერპლები ხდებიან. ასევე მათ დეტალურად ისაუბრეს სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციული ქმედებების შესახებ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და არასრულწლოვნების ცნობიერების ასამაღლებლად მუშაობას აქტიურად აგრძელებს და ამ კუთხით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობას აძლიერებს.
სამსახური, კონფიდენციალურობის სრული დაცვით ყველა შემთხვევაზე მყისიერ რეაგირებას ახდენს. ამ ტიპის დანაშაულების შესახებ ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობითაც - 199.
საინფორმაციო კამპანია უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს და იგი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

დღის ამბები