25 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
ეს დღე ყოველთვის გვაგონებს, რომ ქართველი ერი არასდროს ურიგდება იყოს დაქვემდებარებული, ოკუპირებული ქვეყანა - შალვა პაპუაშვილი იუნკერების თავდადებაზე

დღეს იუნკერთა ხსოვნის დღეა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს პარლამენტის ეზოში იუნკერთა მემორიალი.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოკუპაციის წინააღმდეგ იუნკერების ბრძოლა არ უნდა იქნეს დავიწყებული და საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს და დასრულდეს საქართველოს გაერთიანებით.

"ეს დღე ჩვენ ყოველთვის გვაგონებს იმას, რომ ქართველი ერი არასდროს ურიგდება იმას, რომ იყოს დაქვემდებარებული ქვეყანა, იყოს ოკუპირებული ქვეყანა, იყოს ქვეყანა, რომელსაც განიხილავენ ერთ-ერთ ნაწილად და პროვინციად. ამიტომ, ეს ბრძოლის სული, ეს ბრძოლის ჟინი, ქართველებში ყოველთვის არის. ეს დღეს ასევე გვაგონებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება და იუნკერების მიერ თავდადებული ბრძოლა ოკუპაციის წინაშე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციისგან სრულად გათავისუფლების საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და ეს უნდა დასრულდეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

1921 წელს, სამხედრო სასწავლებლის იუნკრები, კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

საბჭოთა რუსეთის არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან დახვდნენ. მე-11 არმიას იუნკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.

დღის ამბები