25 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომელთაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, სესხის პროცენტი შეუმცირდება

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. საუბარია იმ პენსიონერებზე, რომელთაც სესხი 2023 წლამდე აიღეს. გადაწყვეტილების დეტალები, რომელიც გუშინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მიიღეს, დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს ეროვნულ ბანკში.

საპენსიო სესხის პროცენტი გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც 2023 წლიდანაა დაწესებული.

ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაშა გზირიშვილი ამბობს, რომ განისაზღვრა კონკრეტული ფორმულა, როგორ უნდა იქნას დაანგარიშებული საპროცენტო განაკვეთი სესხებზე.

"დღევანდელი მდგომარეობით, ეს დაახლოებით გამოდის 25% წლიური. თუმცა, არსებობს ის ხელშეკრულებები, რომელიც 2023 წლამდე არის გაფორმებული, შედარებით უფრო მაღალ პროცენტში, რომ საშუალო საპროცენტო განაკვეთი 30%-ს აჭარბებს და ბანკთან ინტენსიური მუშაობით გადაწყდა, რომ ეს სესხები, რომლებიც შედარებით უფრო ძვრად არის გაცემული, მათზეც შემცირდეს საპროცენტო განაკვეთები.

შესაბამისად, ყოველთვიური გადასახდელი შესაძლოა შეუმცირდეს მომხმარებელს, ან შესაძლოა ყოველთვიური გადასახდელი იგივე დარჩეს, მაგრამ ვადა შემცირდეს. პირველადი გათვლებით, ზოგადად, საუბარია დაახლოებით 5-6 პროცენტული პუნქტის სხვაობაზე, რადგან როგორც აღვნიშნე, დღევანდელი მდგომარეობით, ახალი სესხები უკვე გაიცემა დაახლოებით 25%-ში და ის ე.წ. ძვირი სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 30%-ზე მეტია. ჯამურად, 151 000 სესხს ეხება. შემდგომი წელიწადნახევრის განმავლობაში, პენსიონერები დაზოგავენ 7-დან 8 მილიონ ლარამდე", - აცხადებს ლაშა გზირიშვილი.

 

დღის ამბები