25 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
სამწუხაროდ, ჩვენმა ოპოზიციამ აქტიურად აითვისა მარტივი, უხეში და სამარცხვინო მეთოდი და დეზინფორმაცია პოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად აქცია - შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროდ, ჩვენმა ოპოზიციამ აქტიურად აითვისა მარტივი, უხეში და სამარცხვინო მეთოდი და დეზინფორმაცია პოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად აქცია - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ხელისუფლებას და საზოგადოებას მარტო უწევს. მისი თქმით, ამ კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას უნდა იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წესით ნეიტრალური პოზიციიდან უნდა აფასებდნენ მოვლენებს.

"წლების განმავლობაში, ოპოზიცია ცდილობდა, პრორუსულობა დაებრალებინა მმართველი პარტიისთვის. ეს მცდელობა ვლინდებოდა შიდაპოლიტიკურ პროპაგანდაში, იღვრებოდა ოპოზიციის კუთვნილი ტელევიზიებიდან, გვესმოდა ოპოზიციასთან შეხმატკბილებული უცხოელი აქტორებისგან, მაგრამ დღემდე ვერავინ მოახერხა არამცთუ ფაქტების, არამედ ოდნავ მაინც გამართული ლოგიკით აეხსნა - რატომ ესხმით თავს ოპოზიცია, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას.

დამაზიანებელი აღმოჩნდა ქვეყნისთვის ის, რაც ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით იკადრა. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ლამის ერთი წლის განმავლობაში, აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე. ხოლო, საქმე საქმეზე რომ მიდგა და პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მტკიცებულებების წარდგენა ითხოვა, ვერანაირი დასაბუთებული პრეტენზია ვერ იქნა წარმოდგენილი.

სამწუხაროდ, ჩვენმა ოპოზიციამ აქტიურად აითვისა ეს მარტივი, უხეში და სამარცხვინო მეთოდი და დეზინფორმაცია პოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად აქცია.

კარგ შემთხვევაში დუმდნენ, ცალკეულ შემთხვევაში კი დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში თავად მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წესით ნეიტრალური პოზიციიდან უნდა აფასებდნენ მოვლენებს. სამწუხაროა, რომ ქართულ რეალობაში რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია ხშირად ეჯიბრება და ჯობნის კიდევაც ოპოზიციას დეზინფორმაციის შეთანხმებულ გავრცელებაში. არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უნდა გამოხატავდეს, პრაქტიკულად, რადიკალი პოლიტიკოსების მოკავშირედ იქცა.

პარტიებისა და ორგანიზაციების დეზინფორმაცია მხოლოდ მაშინ ხდება ეფექტიანი, როდესაც ზოგიერთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დეზინფორმაციის კამპანიის უნებლიე მონაწილე ხდება.

ამის ყველაზე კარგი მაგალითი იყო გასული წლის მარტის აქციები და კამპანია, რომელიც მიმართული იყო ჩვენი განზრახვის წინააღმდეგ, რომ გამჭვირვალე გაგვეხადა უცხოეთიდან შემოსული ფინანსები საქართველოში. გაუგებარია, რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალე საქართველოში უცხოეთის მიერ წარმოებული ფინანსური ოპერაციები და რატომ ართმევენ საზოგადოებას უფლებას, იცოდეს, თუ რომელი წყაროებიდან ფინანსდებიან და რა ინტერესები დგას მათ უკან, ვინც სახელისუფლებო გადაწყვეტილების მიღებაში თანამონაწილეობას ითხოვს.

ევროპული ინტერესების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გამოყენების კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი იყო ოპოზიციის მიერ 1.5 წლის განმავლობაში წარმოებული კამპანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს. ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც, ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არცერთხელ არ დაურღვევია.

დეზინფორმაციის კამპანიის ყველაზე სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ოპოზიციამ ჩაწერა საქართველოს უხლეს ისტორიაში, ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. მისი სამართლიანი პატიმრობა და კლინიკაში სასჯელის მოხდის პერიოდი სავსე იყო პირდაპირი და დაუსაბუთებელი ბრალდებებით და ჭორებით. უცხოელი აგენტების ამერიკული რეესტრის მეშვეობით გაირკვა და მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციების, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის, მსოფლიო პრესასა და ტელევიზიებში გამოქვეყნებულ სტატიებსა და ინტერვიუების უკან ლობისტებისთვის გადახდილი მილიონობით დოლარი იდგა და დგას,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები