25 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, NATO-ს შტაბ-ბინაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მოიტანს ახალ იმპულსს NATO-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაში - ილია დარჩიაშვილი

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა. ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა NATO-ს გენერალურ მდივანთან; პირისპირ საუბრის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, NATO - საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.

იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, ქვეყანას კი კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. პირისპირ შეხვედრამდე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ალიანსის გენმდივანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პროგრესსა და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე. თქვა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.

თანამშრომლობა რომ ორმხრივია, ამაზე გააკეთა აქცენტი პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც NATO-ს გენერალურ მდივანს მხარდაჭერისთვის მადლობა რამდენჯერმე გადაუხადა. თქვა, რომ, შიდა და გარე გამოწვევების ფონზე, ალიანსთან ინტეგრირებაზე მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია და ამას ბრიუსელში მისი პირველი ვიზიტიც ადასტურებს.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ პირისპირ მოლაპარაკება გამართა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთანაც.

ირაკლი კობახიძეს ასევე ჰქონდა შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან. გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი ევროკომისარ ჯოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთად. მანამდე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ სტატუსით პირველად დაესწრო ასოცირების საბჭოს სხდომას.

პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეაჯამა.

"ევროკავშირთან ინტეგრაცია არის ერთ-ერთი მთავარი ხაზი ჩვენი საგარეო პოლიტიკის. სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მობრძანდა NATO-ს ოფისში, სადაც ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა გენერალურ მდივანთან. NATO - საქართველოს თანამშრომლობა, წლების განმავლობაში, შედეგზე ორიენტირებულად ვითარდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მოიტანს ახალ იმპულსს NATO-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაში,"- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები