25 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რიგ სფეროებში და წარმატებით დააახლოვა თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან ბევრ სექტორში - ასოცირების საბჭო

ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რიგ სფეროებში და წარმატებით მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან ბევრ სექტორში - ამის შესახებ ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დოკუმენტშია ნათქვამი.

ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასოცირების საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური, მნიშვნელოვანი და სისტემატური ჩართულობის მნიშვნელობას პოლიტიკის შემუშავების პროცესებში.

“ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რიგ სფეროებში და წარმატებით მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან ბევრ სექტორში, როგორც ეს აღნიშნულია ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშში საქართველოს შესახებ. აღინიშნა, რომ ამ კუთხით საკვანძო ფაქტორი ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი იყო, რომელსაც მხარს საქართველოს მოსახლეობა, მთავრობა და ფართო პოლიტიკური სპექტრი უჭერს. ევროკავშირმა საქართველოში ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდა კონსტრუქციული მრავალპარტიული თანამშრომლობისა და დიალოგის დემონსტრირებისკენ, პოლარიზაციის დაძლევისა და ისეთი ქმედებებისგან თავშეკავებისკენ, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებენ პოლიტიკურ დაძაბულობას და შეაფერხებენ ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას. ასოცირების საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური, მნიშვნელოვანი და სისტემატური ჩართულობის მნიშვნელობას პოლიტიკის შემუშავების პროცესებში.

ხაზი გაუსვა რა დეზინფორმაციის, ანტი-ევროპული რიტორიკისა და გარე ძალების მიერ საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ამ მიმართულებით არსებითი ნაბიჯების გადადგმისკენ და ამავდროულად, მხედველობაში მიიღო მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული ძალისხმევა.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ უზრუნველყოფილ უნდა იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, განსაკუთრებით, ყველა სასამართლო, პროკურატურის, ანტიკორუფციული და მონეტარული ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების შემდგომი გაუმჯობესების აუცილებლობას, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დღის ამბები