რუსეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 22 წლის ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას, რომელიც უკრაინაში იბრძოდა და რუსეთის ტყვეობაში იყო ჩავარდნილი, - ინფორმაცია რუსულმა მედიამ პროკურატურაზე დაყრდნობით გაავრცელა.
ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მამუკა გაწერელიას ბრალად ედება "მარიუპოლში, რუსეთის ოთხი სამხედრო მოსამსახურისთვის ცეცხლის გახსნა, რომელთაგანაც 3 გარდაიცვალა", ასევე მას ედევებიან როგორც დაქირავებული პირის მონაწილეობას შეიარაღებულ კონფლიქტში.
"კურიერთან" საუბრისას, მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე აცხადებს, რომ შვილის ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი იცის.
„2 წელია, რაც ტყვედ ჩაბარდა. განაჩენზე გუშინ გავიგეთ, რომ მიუსაჯეს სამუდამო. სად არის, არ გვითხრეს იმიტომ, რომ ედგნენ თავზე და არ ათქმევინეს სად იყო, რომელ ციხეში. მესმოდა, იქიდან უთხრეს, ასე უთხარიო, რომ ქართველებს კარგად ექცევიანო. ჯანმრთელობის მხრივ, კარგად მაქვსო საქმე, მაგრამ ეტყობა, კარნახობდნენ იქიდან. არა მგონია კარგად იყოს.
ვისაც როგორ შეუძლია, ამოგვიდგეს მხარში და დაგვეხმარონ, დაგვეხმარონ, რომ არ მოკლან ეს ბავშვი. ვიცით, რომ ვერ გადარჩება იქ, იქ მას კარგი დღე არ ელის,“ - აცხადებს მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე.
მამუკა გაწერელია ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა, როცა მარიუპოლში, მტრის ალყაში მოქცეული, უკრაინის არმიის ქვედანაყოფები პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებას დაემორჩილნენ და აზოვსტალი დატოვეს.