25 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
პრემიერის ბრიუსელში პირველი ვიზიტი და ნატოში მისი შეხვედრები კიდევ ერთ მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს მომავალში ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში - ვიქტორ დოლიძე

პრემიერის ბრიუსელში პირველი ვიზიტი და ნატოში მისი შეხვედრები კიდევ ერთ მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში მომავალში, - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს საშუალება ექნება, უმაღლეს დონეზე გამართოს შეხვედრები, სადაც განიხილება საგარეო და უსაფრთხოების უმთავრესი პრიორიტეტები, საქართველოში რეფორმების მიმდინარეობა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ნატოში, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი პირველად ესტუმრება ნატოს შტაბ-ბინას, სადაც მას საშუალება ექნება, უმაღლეს დონეზე გამართოს შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან, გენერალური მდივნის მოადგილესთან, სხვადასხვა სამსახურების უფროსებთან და ამავე დროს ორმხრივი შეხვედრების მიღმა ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს დონეზე, სადაც ნატოში წარმოდგენილ ალიანსის ელჩებს ექნებათ საშუალება, მასთან გაიარონ ისეთი საკითხები, როგორიც არის საგარეო და უსაფრთხოების უმთავრესი პრიორიტეტები, რეფორმების მიმდინარეობა ქვეყანაში, ნატოში ინტეგრაციის პროცესი. ახლოვდება ვაშინგტონის სამიტი წლევანდელ ზაფხულს. ძალიან მნიშვნელოვანი სამიტია ჩვენთვის. ეს არის საიუბილეო სამიტი, 75 წლის იუბილე, სადაც განხილული იქნება არა მხოლოდ ალიანსის საფრთხეები და გამოწვევები, არამედ პარტნიორობის თემატიკაც, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე და ამას აღიარებს მთლიანად ალიანსი. ამიტომ, ამ ინტერაქციას მოკავშირეებთან ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრემიერის ბრიუსელში პირველი ვიზიტი და ნატოში მისი შეხვედრები კიდევ ერთ მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში მომავალში", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

დღის ამბები