25 ნოემბერი 2024,   18:59
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი უაღრესად საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული იქნება - ვახტანგ მახარობლიშვილი

დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი უაღრესად საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული იქნება, - აცხადებს ევროკავშირში საქართველოს ელჩი.

ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა, რომელიც პირველად ჩატარდება მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

"იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში. მოგეხსენებათ, ეს არის პირველი გარე ვიზიტი, შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება ქალაქ ბრიუსელში. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი იქნება უაღრესად საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო. ეს არის რიგით მერვე, მაგრამ პირველი ასოცირების საბჭო მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი.

ყურადღებას გავამახვილებდი ასოცირების საბჭოს დღის წესრიგზე, რომლის პირველი თემაც გახლავთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა. ვფიქრობ, ეს მეტად მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი სიახლეა ასოცირების საბჭოს დღის წესრიგისთვის, რადგან აქედან ჩანს, რომ ევროკავშირთან ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე და ამ გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებზე.

ბუნებრივია, საუბარი იქნება იმ რეფორმებზე, იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ახორციელებს საქართველო. იმ ცხრა ნაბიჯზე, რეკომენდაციაზე, რომელიც ჩვენ შემოგვთავაზა ევროკომისიამ და მათი იმპლემენტაციის მდგომარეობაზე,"-განაცხადა მახარობლიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.

დღის ამბები