ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა. პროგრამას 3 ახალი კლინიკა დაემატა - ბენეფიციარებს, სამედიცინო მომსახურებას "აჯიბადემის ჰოსპიტალი", "ლივ ჰოსპიტალი" და "ჰოსპიტალი მემორიალი" უკვე უწევენ.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელის, ესპანეთისა და თურქეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში. სრულად ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი.
პროგრამით, რომელიც 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა, 50-ზე მეტი ბავშვი სარგებლობს. 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა.