25 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
საქართველოს მთავრობა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს

საქართველოს მთავრობა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 თებერვალს, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, მატეო მეკაჩის, არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით, წერილი გაუგზავნა.

როგორც წერილშია აღნიშნული, ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად.

წერილში ხაზგასმულია, რომ საქართველო მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამთავრობო გეგმაში, დამკვირვებლების მოწვევის თარიღად 2024 წლის თებერვალია განსაზღვრული.

"გეგმა არსებობს, გეგმა გაწერილია, ხელისუფლება მიყვება ამ გეგმას, მაგრამ წინმსწრებად ოპოზიცია იწყებს აჟიოტაჟის ატეხვას, რომ რამენაირად, საზოგადოებაში ისეთი აზრი ან ფონი შექმნან, რომ ხელისუფლება რაღაცას არ აკეთებს... ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ უსაფუძვლობას და იმ ბლეფს, რასაც ოპოზიცია და მისი პროპაგანდისტული საშუალებები მიმართავენ ხოლმე ყოველ ჯერზე საქართველოს ინტერესების დაზიანების მიზნით", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

საკითხი შეაფასა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრმა, ხატია დეკანოიძემ, რომელმაც თქვა, რომ ეუთო/ოდირის დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია.

"ვიცი, რომ რამდენიმე დღეში ჩამოვა პირველი მისია, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის, სხვადასხვა საპარლამენტო მისიებიდან დელეგაციებიდან არის ძალიან სერიოზული მობილიზაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეუთო/ოდირის დაკვირვება არის ძალიან მნიშვნელოვანი," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები