25 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
"ვამაყობ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა" - ბრიტანეთის პრემიერი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. სუნაკის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! გულთბილად მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა.

ვამაყობ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენი ურთიერთობის სიახლოვე ასახულია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში, რომელიც პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კომერციულ და კულტურულ კავშირებს მოიცავს, ისევე როგორც უორდროპის სახელობის ყოველწლიურ სტრატეგიულ დიალოგს.

კარგად ვიცი, რა ღრმა რეზონანსი აქვს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს ქართველი ხალხის ცნობიერებაში. ის მტკივნეულ მოგონებებს აღძრავს და შეუპოვრობის ისეთ გამოწვევებს აჩენს, რაც საქართველოს წინაშე დგას დღესდღეობით. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ დარჩება თქვენი მხარდამჭერი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ჩვენთვის მუდმივი შთაგონების წყაროა საქართველოს ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები მჭიდროდ მუშაობენ რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებისთვის და თქვენი კიბერმედეგობის გაძლიერებისთვის რუსული ჰიბრიდული აგრესიის წინააღმდეგ.

ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს გისურვებთ ახალ თანამდებობაზე და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით“, - აღნიშნავს რიში სუნაკი.

დღის ამბები