25 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
არჩევნების წინ შეგვიძლია საჯარო შეთანხმება დავდოთ, რომელიც იმ არასამთავრობოების დაფინანსების და საქმიანობის გასაჯაროებას მოახდენდა, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან დამკვირვებლებად ან საარჩევნო აქტივობის დამფინანსებლებად - შალვა პაპუაშვილი

უმდიდრესი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო მეტ ფულს განაგებს, ვიდრე ყველა პოლიტიკური პარტია, ერთად აღებული, არასაარჩევნო პერიოდში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რადიკალიზაცია საქართველოს არაფერში სჭირდება და მაინც, ზოგიერთი არასამთავრობო სწორედ რადიკალებს უწყობს ხელს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ სავალ გზას ააცდინონ.

ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის წარმატებით მოპოვების შემდეგ საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებში ჩასართველად ემზადება.

"ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის წარმატებით მოპოვების შემდეგ საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებში ჩასართველად ემზადება. ამჯერად "9 ნაბიჯზე" ვმუშაობთ. ვიცით, რომ ეს პერიოდი გამოწვევებით იქნება აღსავსე ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის გზაზე, ვინაიდან გაწევრიანების პროცესი წლის ბოლოს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ემთხვევა. ამიტომაცაა, რომ სერიოზული ძალისხმევა დაგვჭირდება ჩვენი დემოკრატიის გასაძლიერებლად.

როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისას, საქართველოს ხელისუფლება ახლაც ყველაფერს იღონებს, რომ მომდევნო ეტაპიც წარმატებით გადავლახოთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ქართული სამოქალაქო საზოგადოება იყოს აქტიური, კეთილგანწყობილი და კონსტრუქციული. ბოლო დროს ამ მხრივ ზოგიერთი კარგი ნიშანი გამოჩნდა, როგორიცაა მიმდინარე თანამშრომლობა პარლამენტსა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ქართულ ეროვნულ პლატფორმას შორის (შემოკლებით, ეროვნული პლატფორმა), რომელიც 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს და ფორმალურად აღიარებულია ევროკავშირის მიერ.

საქართველოს ხელისუფლება მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. მაგრამ ზოგიერთი სერიოზული საკითხი მოუგვარებელი რჩება, რომლებიც, საბოლოოდ, ნდობისა და პოლიტიკური მიუმხრობლობის საკითხებამდე დაიყვანება. ზოგიერთი არასამთავრობოს ბოლოდროინდელი ქმედება, ამ თვალსაზრისით, არანაირი პროგრესის ნიშანწყალს არ შეიცავს. „აღმოსავლეთის პარტნიორობის ინდექსის“ ბოლო ანგარიში, რომელიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახლახანს დაწერეს, უსამართლოდ მიკერძოებული იყო საქართველოს წინააღმდეგ. ორგანიზაციებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ ანგარიშის მომზადებაში, მოგვიანებით, "ეროვნული პლატფორმა" დატოვეს. როგორც ჩანს, "ეროვნულ პლატფორმაში" ყოფნისას მათი ერთადერთი მიზანი ინდექსის მომზადების პროცესში სიმართლის დამახინჯება იყო. მათი მხრიდან პლატფორმის წევრობის ბოროტად გამოყენება და შემდეგ მისი დატოვება, უბრალოდ, არასწორი იყო, ვინაიდან "ეროვნული პლატფორმა" ევროკავშირის მიერ აღიარებულ სამოქალაქო საზოგადოებრივ კავშირს წარმოადგენს და ხელისუფლებასთან სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობის მნიშვნელოვანი არხია.

მეტიც, იგივე არასამთავრობოები, რომლებმაც "ინდექსის" შედეგები დაამახინჯეს, ახლა „ევროკავშირისკენ 9 ნაბიჯის“ პროცესით მანიპულირებას ცდილობენ. ისინი ამტკიცებენ, რომ სურთ შეუერთდნენ მიმდინარე დისკუსიას იმისდა მიუხედავად, რომ „ეროვნული პლატფორმა“ თავისივე გადაწყვეტილებით დატოვეს მას შემდეგ, რაც პლატფორმის ხელმძღვანელობის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილონი დარჩნენ. ამგვარი ქცევა აზიანებს პარლამენტისა და „ეროვნული პლატფორმის“ თანამშრომლობას და კარგად აჩვენებს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული პროცესისათვის ხელისშემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს. მათი ქცევის ნულოვანჯამიანი ლოგიკა რადიკალური პარტიების ანალოგიურ მოქმედებებს წააგავს: როგორც კი უკმაყოფილონი არიან პროცესის შედეგებით, მაშინვე თავად პროცესს უპირისპირდებიან და ცდილობენ, რომ პროცესი ან ჩაშალონ ან, თუ ვერ ჩაშალეს, მიატოვონ.

თუმცა, ეს სტატია არ ემსახურება სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურობისა თუ როლის კითხვის ქვეშ დაყენებას. ჩვენი ამოცანაა, ვიპოვოთ ერთობლივი მოქმედების იმგვარი ჩარჩო, რომელიც 2024 წლის არჩევნებისას, ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე, ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მომტანი იქნება.

დავიწყოთ მარტივი ჭეშმარიტებით: არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება, რადგან სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ფართო ცნებაა. ამიტომაც, არასამთავრობოები, რომლებიც არ წარმოადგენენ ხალხის არჩეულ სუბიექტებს, მოვალენი არიან, ორ მთავარ საკითხს გასცენ პასუხი, რათა მოიპოვონ საზოგადოების წარმომადგენლობის უფლება და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

პირველი საკითხი ისაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თითქმის მთლიანად უცხოეთიდან ფინანსდებიან და არა ქართველი მეცენატების ან ინტერესთა ჯგუფების მიერ. მეორე პრობლემა კი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მცდელობებია, რაც შეკითხვებს ბადებს მათი პოლიტიკური კავშირების თაობაზე. მოდით, გავერკვეთ ამ პრობლემებში და მათი გადაწყვეტის გზებში.

აშკარაა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საკმაოდ მდიდარია. ისინი უფრო მდიდრები იქნებოდნენ, ვიდრე უმეტესი პოლიტიკური პარტია, ასეთად რომ დარეგისტრირებულიყვნენ. უმდიდრესი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო მეტ ფულს განაგებს, ვიდრე ყველა პოლიტიკური პარტია, ერთად აღებული, არასაარჩევნო პერიოდში. თანაც, მთელი ეს ფული უცხოური წყაროებიდან მომდინარეობს. იბადება შეკითხვა, რატომ? საქართველოში ხალხიც და ბიზნესიც ფულს წირავს პოლიტიკურ პარტიებს, ოპოზიციური პარტიების ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური შურისგების საშიშროება არ დგას. მეტიც, საკმაოდ დიდი ფული იხარჯება ქველმოქმედებაზე, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობაც და ბიზნესიც საკმაოდ ხელგაშლილია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გასაკვირია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვერაფრით მოახერხეს ხალხისა და ბიზნესის დარწმუნება, რომ მათგან დაფინანსება მიიღონ და ამიტომაც, თითქმის მთლიანად უცხოეთზე არიან დამოკიდებულნი.

ის ფაქტი, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებზე მდიდარია, სხვა მხრივაცაა პრობლემური. კარგად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პატარა პარტიებთან მუშაობენ და მათ განვითარებაშიც ეხმარებიან. პატარა პარტიების მიერ ამ თანამშრომლობით მიღებული სარგებელი კი მათ პარტიებზე არასათანადო გავლენის ბერკეტს აძლევს. ეს კარგად გამოჩნდა სახალხო დამცველის არჩევისას, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. როდესაც არასამთავრობოებმა იგრძნეს, რომ პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატურაზე კონსენსუსი იკვეთებოდა, დახურულ კარს მიღმა დაიწყეს პატარა პარტიებზე წნეხის მიტანა, რომ ამ უკანასკნელებს თავი შეეკავებინათ სახალხო დამცველისთვის ხმის მიცემისაგან. და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ არასამთავრობოებს სახალხო დამცველის კანდიდატი თვალში არ მოუვიდათ.

უცხოური დაფინანსების მთავარი პრობლემა გაუმჭვირვალობაა. არ არსებობს დამაჯერებელი ახსნა იმისა, თუ რატომ უნდა იყოს ეს ფინანსები გაუმჭვირვალე. ცხადია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არასოდეს განუცდიათ დევნა მათი საქმიანობის გამო, ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. პოლიტიკურად აქტიური ორგანიზაციები არ მიიჩნევენ თავს ანგარიშვალდებულად არც ფართო სამოქალაქო საზოგადოების და არც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინაშე. ის რომ ზოგიერთმა მათგანმა "ეროვნული პლატფორმა" დატოვა, ამგვარი უპასუხისმგებლობის კარგი მაგალითია, ვინაიდან პარლამენტმაც და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმაც მათი გადაწყვეტილების შესახებ პოსტ-ფაქტუმ შეიტყვეს, მაშინ, როცა დონორებმა ეს გადაწყვეტილება წინასწარ იცოდნენ. ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არა ხალხის, არამედ დონორების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, დონორების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს. დონორები ვეღარ აირიდებენ ამ პასუხისმგებლობას უბრალო დათქმის მოშველიებით, რომ არასამთავრობოების საქმიანობის შინაარსზე პასუხს არ აგებენ. უფრო სერიოზული მიდგომაა საჭირო, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოება გავლენიან პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა.

არასამთავრობოებთან დაკავშირებული მეორე საკითხი მათი პოლიტიკური მიკერძოებაა. შეგვიძლია ცხადად დავინახოთ კავშირი ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და სააკაშვილის მთავრობის ყოფილ თანამდებობის პირებს შორის (მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის წევრები და მისთ.). რა გასაკვირია, რომ სამოქალაქო სექტორი განსაკუთრებით გააქტიურდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ და, გარკვეულ მომენტში, პირდაპირ პრეტენზია განაცხადა ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასა და ამ მთავრობის საქმიანობაში მონაწილეობაზე. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები", შემჩნეული იყო ხმის პარალელური დათვლის დამახინჯებაში 2020 წლის არჩევნებზე. ზოგიერთ პარადოქსულ შემთხვევაში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ატარებს მათი შემქმნელი პოლიტიკური პარტიის სახელს. ეს პარტიები ორგანიზაციების მიერ აღებულ უცხოურ ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. მაგალითად, ინტერნეტ-გამოცემა "ტაბულა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტი" პარტია "ევროპული საქართველოს" განშტოებებია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები "დროა" და "ხალხისთვის" პირდაპირ მათი შემქმნელი პარტიების სახელს ატარებს. ეს უცხოური დაფინანსების პოლიტიკურ ჯგუფებზე პირდაპირი პოლიტიკური გავლენის შემთხვევებია, რაც კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.

დაფინანსების გარდა, ზოგიერთი ელიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის პოლიტიკური მიკერძოებულობა სხვა მხრივაც პრობლემატურია. ისინი დახმარებას უწევენ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც პირდაპირ ესხმიან თავს საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და მას ხშირად არალეგიტიმურად აცხადებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური მიკერძოება რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს აძლიერებს. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალების გავლენის აგენტები ხდებიან, თუმცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებენ.

აქ მთავარი სიტყვა პასუხისმგებლობაა. რადიკალებს რომ მიზნისთვის მიეღწიათ და 2020-2022 წლებში მთავრობა დაემხოთ, ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას ქაოსზე და, დიდი ალბათობით, ძალაუფლებაში მოსული დიქტატორული ჯგუფის ქმედებებზე? ეჭვი მეპარება, არასამთავრობო ორგანიზაციებს ან მათ დონორებს აეღოთ პასუხისმგებლობა. რადიკალიზაცია საქართველოს არაფერში ჭირდება. და მაინც, ზოგიერთი არასამთავრობო სწორედ რადიკალებს უწყობს ხელს იმაში, რომ საქართველო ევროკავშირისკენ სავალ გზას ააცდინონ.

დაბოლოს, ზემოთ აღწერილი ორმაგი გამოწვევის საპასუხოდ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია. პირველი ნაბიჯი იქნებოდა ფინანსური გამჭვირვალების გაზრდა და არასამთავრობოების საქმიანობის სრული გასაჯაროება. ჩვენი მხრივ, საქართველოს ხელისუფლება სამაგალითოა გამჭვირვალების თვალსაზრისით, რასაც ბევრი ავტორიტეტული საერთაშორისო სუბიექტი ადასტურებს. 2016 წელს არსებობდა კარგი წამოწყება, როდესაც 18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა "გამჭვირვალების დეკლარაციას" და ვებ-პორტალზე cso.ge საკუთარი საქმიანობისა და ფინანსების პერიოდული გამოქვეყნების პირობა დადო (https://shorturl.at/djS25). ზოგიერთი არასამთავრობო, რომლებიც ახლა ეჭვმიტანილნი არიან ზემოთ აღწერილ არაკეთილსინდისიერებაში, ამ პორტალის ადრეულ ენთუზიასტებს შორის იყო. სამწუხაროდ, პორტალი წელიწადზე ნაკლებ დროში მიატოვეს. თუმცა, ახლა ხელს არაფერი უშლის ამ პროექტის აღორძინებას, გარდა თავად არასამთავრობო ორგანიზაციების კეთილი ნებისა.

პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული მეორე ნაბიჯი იქნებოდა დონორების მხრიდან პასუხისმგებლობის გაზიარება იმ საქმიანობაზე, რომლებსაც მათი სახელის გამოყენებით არასამთავრობოები ეწევიან. დონორებს, თავის მხრივ, ასევე შეუძლიათ, დაფინანსება უფრო გამჭვირვალე გახადონ. არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც ამ მიდგომას ეთიკურ ფარგლებში მოაქცევდა. „დახმარების ეფექტიანობის შესახებ პარიზის დეკლარაციაში“ დონორები და პარტნიორი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშვალდებულნი იქნებოდნენ ერთმანეთის წინაშე. კარგი იქნება, თუ ამ დეკლარაციის სულისკვეთებას გავყვებით.

არჩევნების წინ შეგვიძლია საჯარო შეთანხმება დავდოთ, რომელიც იმ არასამთავრობოების დაფინანსებისა და საქმიანობის სრულ გასაჯაროებას მოახდენდა, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან, ან როგორც დამკვირვებლები, ან არჩევნებთან დაკავშირებული აქტივობის დამფინანსებლები. არასამთავრობოების საქმიანობას მსგავსი ინიციატივა ყველა მხარისათვის უფრო სანდოს გახდიდა და მხარეებს შორის კონსტრუქციულ დიალოგსაც ხელს შეუწყობდა.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საერთო პასუხისმგებლობაა. 2020 წლის არჩევნების შედეგების დისკრედიტაციის მიზნით წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია გვიჩვენებს, რომ არჩევნები მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს. ყველა მოქმედმა პირმა - ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, მედიამ და საერთაშორისო სუბიექტებმა, პოლიტიკური და ფინანსური წვლილის გაღების პარალელურად, თავიანთი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე," - წერს შალვა პაპუაშვილი.  

დღის ამბები