25 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
ის, რომ საქართველოს დღეს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყანა, პირველ რიგში არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის, კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - ის, რომ საქართველოს დღეს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყანა, პირველ რიგში არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, - ამის შესახებ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„დღეს არის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. დავით აღმაშენებელი არის საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების, ქართული სულიერებისა და კულტურის აღორძინების სიმბოლო. დღევანდელ დღეს მინდა ყველას გისურვოთ საქართველოს გაერთიანება, გაძლიერება და ჩვენი სულიერებისა და კულტურის აღორძინება. ქართველი ერი და ხალხი, რომელიც სამი ათასწლეულის განმავლობაში ურთულეს პოლიტიკურ-გეოგრაფიულ სივრცეში გმირულად იცავდა ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, მამულს, ენასა და სარწმუნოებას, სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიას, უნიკალურ ქართულ კულტურას, მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია. თითქმის 8 წლის განმავლობაში, ვიყავი პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი საპარლამენტო წარსულიდან გამომდინარე, პარლამენტის როგორც წამყვანი დემოკრატიული და კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და დამოკიდებულება აუცილებლად გამყვება მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეულ წევრს, რომლებთან ერთადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ. ინსტიტუციურად გავაძლიერეთ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, მივიღეთ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც სრულად შეესატყვისება ევროპული კონსტიტუციონალიზმისა და საპარლამენტო დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს. ვახორციელებდით უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ინსტიტუციურ გაძლიერებას, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას, ეკონომიკის ზრდას, სხვადასხვა დარგის განვითარებასა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ემსახურებოდა. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ჩვენი საპარლამენტო გუნდის ერთიანობით, თითოეული თქვენგანის პრინციპულობით, პატრიოტიზმითა და ქვეყნის ინტერესების ერთგულებით. დიდი მადლობა თქვენ გუნდურობისა და ერთგულებისთვის.

მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს. მანდატი, რომელიც პარლამენტმა დღეს უნდა მოგვანიჭოს, ქართველი ხალხის მიერ "ქართული ოცნებისთვის" საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებულ ნდობას ეფუძნება. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ გასული 3 წლის განმავლობაში, ქართველმა ხალხმა გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, მტკიცედ დადგა მშვიდობისა და განვითარების მხარეს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ასევე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო -ის, რომ საქართველოს დღეს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყანა, პირველ რიგში არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები