წინასწარი შედეგებით, ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობს. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მას 92%-ზე მეტი ხმა აქვს. კენჭისყრაში სულ 7 კანდიდატი მონაწილეობდა.
ორმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, პროტესტის ნიშნად, არჩევნებში კანდიდატების წაყენებაზე უარი განაცხადა.
რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა.
აზერბაიჯანში ამბობენ, რომ, ყარაბაღთან დაკავშირებით წარმოებული სწორი პოლიტიკის გამო, ალიევის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაზეც წინასწარი მონაცემებიც მეტყველებს. მიუხედავად ამისა, უფლებადამცველი ორგანიზაციები გუშინ ჩატარებულ არჩევნებს სამართლიანად და თავისუფლად არ მოიხსენიებენ.