25 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
პარლამენტის 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს მხარი დაუჭირეს

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს. ილია დარჩიაშვილს 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე, კანდიდატის სტატუსზე, ევროკავშირთან ურთიერთობაზე, ნატო-სთან დაახლოებაზე, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე, სამეზობლო პოლიტიკასა და შუა დერეფანზე.

დეპუტატებმა დარბაზში კითხვებიც დასვეს. ძირითადი კითხვები დაისვა კანდიდატის სტატუსთან და მოლაპარაკებების გახსნის პერსპექტივასთან დაკავშირებით. ოპოზიციას აინტერესებდა, ასევე, სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები ჩინეთთან. თუმცა, ოპოზიციის უმეტესი ნაწილი, მათ შორის, კომიტეტის წევრები, დარჩიაშვილის პასუხებს არ დაელოდნენ.

"ძალიან ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მოვდივარ პარლამენტში, მაქვს პატივი წარვდგე დეპუტატების წინაშე, ჩვენი ოპონენტები სვამენ კითხვას და მერე ტოვებენ დარბაზს. გამონაკლისი ქალბატონი თეონაა, რომელმაც მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გასულიყო. თუმცა, რადგან ჩვენი მოსახლეობა გვიყურებს, ვეცდები, რომ გავცე პასუხები,"-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ოპონენტების კითხვები უმრავლესობამ სპეკულაციურად შეაფასა.

"დღევანდელი კომიტეტის სხდომაც არ გამოირჩეოდა იმისგან, თუ რა ხდება პარლამენტში. როგორც ვნახეთ, ოპოზიციის პოლიტიკური გამოსვლები და არაშინაარსობრივი გამოსვლები გაჯერებული იყო სიცრუით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობით და მერე უკვე - დარბაზის დატოვებით. დიდი მადლობა შინაარსობრივი განხილვისთვის. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს გთხოვთ, მხარდაჭერას," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხმა.

დღის ამბები