25 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
არასწორია იმ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, როდესაც მინისტრებმა კონკრეტულ კითხვაზე უნდა გვიპასუხონ - თინათინ ბოკუჩავა

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გუნდთან ერთად, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების წარმომადგენლებს ხვდება. ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამას წარადგენს. შეხვედრას არ დაესწრება "ლელო" და გიორგი გახარიას გუნდი, სხვა პარტიებს კი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან კითხვები ექნებათ.

"მესმის, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას აქვს იდენტობის პრობლემა, მაგრამ მიმაჩნია, რომ არასწორია იმ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, როდესაც მინისტრებმა კონკრეტულ კითხვაზე უნდა გვიპასუხონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმატი არ არის ჩვენთვის მისაღები, მაინც ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.

იაგო ხვიჩიას განცხადებით კი, "ნაცების" ბოლო პერიოდის ახალი სტრატეგია განსხვავებულია და, ჯერჯერობით, სანახავად ძალიან სახალისოა:

"მე ვერ ვხედავ განსხვავებას გუშინ რომ კომიტეტი იყო და იქ მონაწილეობდა ის ხალხი, დღეს რატომ არ მონაწილეობენ. მოგეხსენებათ, ნაცების "ლელო" და ქოცების "ლელო" ძალიან უცნაური პარტიებია. ვეცდებით, დავაკვირდეთ ჩვენს კოლეგებს, თან ძალიან მოგვწონს ნაზი ნაცების ყურება, ნაცების ბოლო პერიოდის ახალი სტრატეგია განსხვავებულია და, ჯერჯერობით, სანახავად ძალიან სახალისოა,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

"ლელოსა" და გიორგი გახარიას გუნდში აცხადებენ, შეხვედრაზე დასწრების აზრს ვერ ხედავენ, ვინაიდან მათი თქმით, "გამეორებულ შეკითხვებზე, ხელისუფლებას პასუხი არ აქვს".

დღის ამბები