25 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
"ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე" - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი.

უწყების განცხადებით, ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

"ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ.
სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

დღის ამბები