სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში, თუმცა კვლავ რჩება კუნთთა ჰიპოტროფია, შფოთვა და დეპრესია.
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ექიმები სააკაშვილთან "ვივამედში" 25 იანვარს იმყოფებოდნენ.
კონსილიუმი მიიჩნევს, რომ პარამეტრები გაუმჯობესებულია, თუმცა პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით არ იძლევა საშუალებას, მყარი დადებითი პროგნოზები იქნეს გაკეთებული. ექიმთა ჯგუფი მორიგ ვიზიტს პაციენტთან საჭიროების შესაბამისად განახორციელებს.