2024 წლის იანვარში ხმელთაშუა ზღვაში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მიგრანტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, - ინფორმაციას Euronews-ი გაეროს მიგრაციის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის მხოლოდ ერთ თვეში, ხმელთაშუა ზღვაში 100-მდე ადამიანი დაიღუპა ან გაუჩინარდა.
რაც შეეხება ერთწლიან მაჩვენებლებს - 2023 წელს 3 041 მიგრანტია დაღუპული ან დაკარგული, რაც, 2022 წელთან შედარებით, მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელია (2022 წელი: 2 411 დაღუპული ან დაკარგული).
ყოველწლიურად, ათასობით ადამიანი (ძირითადად, აფრიკის ქვეყნებიდან) ცდილობს, ევროპის კონტინენტამდე მიაღწიოს. მათი უმეტესობა ამისთვის ხმელთაშუა ზღვას კვეთს, თუმცა, ხშირად, ნავები გადატვირთვას ვერ უძლებს.