25 ნოემბერი 2024,   19:02
ვრცლად
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს

საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა სტაბილურობას ინარჩუნებს. 2023 წლის ბოლო თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 8.3% შეადგინა. გასული წლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 7%-ს გაუტოლდა. პოზიტიური წვლილი ზრდაში: ვაჭრობის, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, განათლებისა და საფინანსო და საქმიანობების სექტორებში აქტივობის ზრდამ შეიტანა.

2023 წლის ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა ასევე, საინვესტიციო აქტივობის, საქონლით საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. შარშან ექსპორტი 9.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 6.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. გასულ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 17.3%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 4.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. საერთო ჯამში , 2023 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით გადააჭარბა.

სტატისტიკის რეალური მაჩვენებლების მიუხედავად ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდა, მხოლოდ სტატისტიკაში ჩანს და მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება.

მმართველ გუნდში, იმ წინაპირობებზე საუბრობენ, რაც საქართველოში ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს. "ქართული ოცნების" ლიდერებს არგუმენტად სავალუტო ფონდის პროგნოზი მოჰყავთ, რომლის მიხედვით 2023-2028 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის.

ეკონომიკაში პოზიტიური მაჩვენებლები შეაფასეს ექსპერტებმაც. ისინი ყურადღებას ბოლო წლებში ქართული ეკონომიკის აღდგენისა და აქტივობის დონეზე ამახვილებენ და არსებული ტემპის შენარჩუნების პირობებში სამომავლოდ დადებით პროგნოზს აკეთებენ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა ინვესტიციების მიმართულებითაც, კერძოდ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ინვესტიციების მოცულობა 25.2%-ით გაიზარდა.

დღის ამბები