უკვე 9 საათია, "ალტ ინფოს" წარმომადგენელი ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეზე სუს-ში იკითხება. ბექა ვარდოსანიძის ელექტრონული ფოსტით სხვადასხვა უწყებაში მუქარის შემცველი შეტყობინებები მივიდა.
წერილი, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ მეილზე გაიგზავნა იწყება და მთავრდება ღია მუქარით რომ "ყველა მოკვდება" - თავშივეა ნახსენები, რომ მუქარის ავტორი ბექა ვარდოსანიძეა და მან უკვე დანაღმა თავისუფლების მოედანი ტელეკომპანიის ავტომობილები და ევროკავშირის ოფისი. მოტივად მოთხოვნების იგნორირებას ასახელებს, თუმცა არ აკონკრეტებს რა მოთხოვნებზეა საუბარი.
ამავე ელექტრონული ფოსტიდან, მსგავსი ცრუ შეტყობები გაიგზავნა სუს-ში, შსს-სა და პოლიციის დეპარტამენტში, სადაც საჯარო სივრცეებსა და გასართობ ობიექტებზე თავდასხმების შესახებ იყო საუბარი.
საგამოძიებო მოქმედებები დილის საათებში ჩატარდა ზაჰესში, აფხაიძის ქუჩაზე. ეს "ალტ ინფოს" აქტივისტის ბექა ვარდოსანიძის მისამართია. სახლის გარდა გაჩხრიკეს ავტოფარეხიც. ამოღებულია ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
ჩხრეკის და მტკიცებულებების ამოღებას ბექა ვარდოსანიძის სუს-ში მოწმის სტატუსით გადაყვანა მოყვა, სადაც ის ადვოკატის თანხლებით გამოიკითხა. ე.წ. მოდულის შენობაში შესვლისას ადვოკატი ირწმუნებოდა, რომ "ალტ-ინფოს" აქტივისტს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებასთან კავშირი არ აქვს. ამავეს ამბობდნენ მისი ოჯახის წევრები და თანაგუნდელები.
გამოკითხვის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში სუს-ის შენობასთან შეკრებილი იყვნენ ვარდოსანიძის მხარდამჭერები. მობილიზებული იყო პოლიციაც. საქმის გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გაგზავნის მუხლით გრძელდება, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით საპატიმრო სასჯელს ითვალისწინებს.