25 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
ბრალდება და დაცვა შეთანხმდნენ - რა პირობებით გაათავისუფლებენ კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ბიუროს ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე დაკავებულებს

სახელმწიფო ბრალდება მორიგებისთვის მზადაა - იმ შემთხვევაში, თუ კეკელიძის პირველ ნომერში ხმაურიანი გამოსახლების დროს აღსრულების პოლიციის მანქანის დალეწვისთვის დაპატიმრებულები დანაშაულს აღიარებენ და 3 380 ლარის ზარალს აანაზღაურებენ, პროკურატურა მზადაა, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ბრალი შეუმსუბუქოს. დღეს "კურიერისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ამ ორი პირობის შესრულების შემთხვევაში, გამოძიება მზადაა, დაკავებულებისთვის პატიმრობის ნაცვლად უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მოითხოვოს, მათ შორის - გირაო.

სახელმწიფო ბრალდების შეთავაზება მიღებულია - გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ორივე მზად არის დანაშაული აღიაროს და სახელმწიფოს მიყენებული ზარალიც აუნაზღაუროს. დაკავებულების ადვოკატი, სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნულ სხდომამდე, პროკურატურასთან მოლაპარაკებებს იწყებს შეთანხმების დოკუმენტურად გასაფორმებლად.

სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ლექტორი ჩიქობავა და ილიაუნის დოქტორანტი ხასაია პოლიციამ 23 იანვარს, აღსრულების პოლიციის მანქანის დალეწვისთვის დააკავა. სამართალდამცველებმა 20 დაკავებულიდან მხოლოდ ამ ორ პირზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, დანარჩენები კი ადმინისტრაციული წესით გასამართლდნენ.

გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულები პირველივე სასამართლო სხდომაზე მზად იყვნენ ზარალი აენაზღაურებინათ, დანაშაულს კი, გურამ იმნაძის თქმით, ორივე აღიარებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, ახლა მთავარია სააპელაციო სხდომამდე მხარეებს შორის ყველა ტექნიკური საკითხი შეთანხმდეს.

პროკურატურის პოზიცია მისაღებია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას პატიმრობას აპროტესტებენ. სტუდენტთა ნაწილი კი ისევ უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახში რჩება, რომელიც პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღის წინ დაიკავეს.

დაკავებულ ჩიქობავას, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიას ასწავლის, მხარს უჭერენ კოლეგებიც. უნივერსიტეტი მზად არის, მას თავდებშიც ჩაუდგეს და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახის დახმარებაც გაუწიოს. სასამართლოს, შუამდგომლობის წერილით, მიმართა უნივერსიტეტის რექტორმაც.

გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერთან გამოსახლების დროს მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავა. გამოძიება მათ სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. 25 იანვარს, მოსამართლემ ორივე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

დღის ამბები