შეიარაღებული თავდასხმა სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაზე, ადგილობრივი დროით 11:40 საათზე მოხდა. სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ შევიდა წმინდა მარიამის ტაძარში წირვის დროს 2 ნიღბიანი მამაკაცი და ცეცხლი გახსნა. მესას 40-მდე ადამიანი ესწრებოდა.
სამიზნე მხოლოდ ერთი ადამიანი იყო. 52 წლის, ეროვნებით თურქი მამაკაცი, რომელიც ნათესავების ინფორმაციით, ქრისტიანობის მიღებას აპირებდა და პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. სოციალურ ქსელში მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმით იმ დაჯგუფების ლიდერებს უპასუხეს, ვინც ებრაელების და ქრისტიანების მიზანში ამოღებას მოუწოდებდა.
დანაშაული სტამბოლის ევროპულ, წყნარ უბანში მოხდა. მრევლის უმრავლესობაც სტამბოლში მცხოვრები იტალიელები არიან. საქმეზე დაკავებულია 2 ადამიანი. ორივე ეჭვმიტანილი უცხოელია. ერთი ტაჯიკეთიდან და მეორე რუსეთიდან. მომხდარი დაგმო თურქეთის პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ დანაშაულთან კავშირში მყოფ ყველა პირს 24 საათში დააკავებენ.
თურქეთის პოლიციამ რეიდები 30-ზე მეტ ლოკაციაზე ჩაატარა. დაკავებულია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 47 პირი. თავდასხმის გამო წუხილი გამოთქვა რომის პაპმა.