25 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
"ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, განვიხილეთ შესაძლებლობა, თანამდებობაზე ზაფხულში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება" - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან, რამდენიმე წუთის წინ,  სპეციალურად ჩანიშნულ ბრიფინგზე გააკეთა. 

"მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ.

მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე.

პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში ერთად მივაღწიეთ. "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში ყველაზე მეტხანს, 5 წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მით უმეტეს, რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და "ქართული ოცნება" უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.

ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, პოლიტსაბჭოზე განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ თანამდებობაზე ზაფხულში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება.

მნიშვნელოვანია შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავის გუნდი  და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ მინისტრს. ჩემთვის კი ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა გავაგრძელო მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში",  - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები