მოსწავლეებს ინგლისურ ანბანს ზარზმის მამათა მონასტრის ბერი ასწავლის. სასულიერო ცხოვრებასთან ერთად, საერო, კიდევ რამდენიმე ბერმა შეითავსა და როგორც მუსლიმი, ისე ქრისტიანი მოსწავლეების აღზრდაც საკუთარ თავზე აიღო. მათემატიკა, ინგლისური, ხელოვნება და რელიგიების ისტორია - სასულიერო პირების საერო მისია, მოსწავლეებისთვის ამ საგნების შესწავლაა.
უკვე ათწლეულზე მეტია, რაც მღვდელმონაზონი ბასილი მოსწავლეებს მუსიკას ასწავლის.
ზარზმელი მოსწავლეები განსაკუთრებით ნიჭიერები მათემატიკაში აღმოჩნდნენ. ამ ნიჭის აღმომჩენი კი მათემატიკის მასწავლებელი მამა ნაზარია, რომელმაც საკუთარ მოსწავლეებს ზუსტი მეცნიერების და კომაროვის სკოლის კარიც გაუღო.
მამა ნაზარის ყოფილმა მოსწავლეს 13 წლის ლუკას, მათემატიკა ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა კომაროვის სკოლის შესახებ მასწავლებლისგან შეიტყო. დაისახა მიზანი, რომ აქ მოხვედრილიყო, მიაღწია და დღეს კომაროვის სკოლიდან, ზარზმაში მამაოსთან ერთად გატარებულ დღეებს იხსენებს.
ელენე და მარიამიც ზარზმიდან არიან, ერთმანეთი იქ გაიცნეს და მეგობრობა თბილისში კომაროვის პანსიონშიც გააგრძელეს. დროს ერთად ატარებენ, ერთად მეცადინეობენ, ერთმანეთს ეხმარებიან და ცოდნას უზიარებენ, თუმცა კომაროვამდე იყო ზარზმის ბავშვთა აკადემია.
კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში, დღეს, 23 ზარზმელი ბავშვი სწავლობს, რაც ზარზმელი ბერების დამსახურებაა.
სკოლიდან ისევ მონასტერში ბრუნდებიან, დარჩენილ დროს მორჩილებაში, ღვთისმსახურებაში, ლოცვასა და გალობაში ატარებენ.
აქ ყველა სასულიერო პირს თავისი საქმე აქვს. მუშაობენ ტიხრულ მინანქარზე, ამზადებენ 12 სახეობის საკმეველსაც, ათონის მთის ვატოპედის მონასტრის საიდუმლო რეცეპტიც, მხოლოდ ზარზმელმა ბერებმა იციან.
საქართველოს უკიდურეს სამხრეთში, სოფელ ზარზმაში, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მერვე-მეცხრე საუკუნეში სერაპიონ ზარზმელმა დააარსა, მას შემდეგ აქ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ბერები დღემდე საუკუნოვან მემკვიდრეობას იცავენ.
ავტორი: მაია იველაშვილი