28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ღონისძიება გამართა.
პირველი მარტიდან ძალაში ახალი კანონი შედის, რომელიც პირადი ინფორმაციის დაცვის ახალ სტანდარტს აწესებს. შესაბამისად, ეს წელი საზედამხედველო ორგანოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
28 იანვრის ღონისძიების ძირითადი ნაწილიც სწორედ ახალ კანონს მიეძღვნა. ღონისძიება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა გახსნა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, ლელა ჯანაშვილის განცხადებით, 108-ე კონვენცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტია.
"დღეს, 28 იანვარს ხელმოსაწერად გაიხსნა პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ 108-ე კონვენცია, რომლის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი გახლავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში", - განაცხადა
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ახალი კანონი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია.
"ძალიან მნიშვნელოვანი კანონია, რომელიც ერთ-ერთი ფუნდამენტია ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მოგეხსენებათ, რომ მაშინ, როდესაც ევროპაში შეიქმნა რეგულაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, ანალოგიურად საქართველოშიც შეიქმნა შიდა კანონმდებლობა და ეს ახალი კანონი, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია, ამ თვალსაზრისით", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.