25 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და შეხვედრები, რომლებშიც პრეზიდენტი არ მონაწილეობდა - რა გამოხმაურებები მოჰყვა სალომე ზურაბიშვილის წყენას პოლიტიკურ სპექტრში

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების შემდეგ, მედიასთან საუბარი ქვეყნის პრეზიდენტმა დღეს აღარ ისურვა. სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ბოდბეში იმყოფებოდა, ჟურნალისტების არცერთ შეკითხვას არ უპასუხა, გუშინ კი, დაწერა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

პრეზიდენტის პრეტენზიებს მმართველი გუნდი პროტოკოლს უპირისპირებს. სახელისუფლებო გუნდში თქვეს, რომ შეხვედრა, რომელიც გუშინ ნიკოლ ფაშინიანსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შედგა, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის ფარგლებში გაიმართა. ამ სხდომებში კი, "ქართული ოცნების" განმარტებით, მხოლოდ პრემიერ-მინისტრები და მთავრობის წევრები მონაწილეობენ. მმართველ ძალაში ამბობენ, რომ ამით არც წესები და არც პროტოკოლი არ დარღვეულა.

ოპოზიციაში პირიქით, ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ვიზიტის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობა სწორედ პროტოკოლის დარღვევაა. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ფაქტი მოულოდნელი არ ყოფილა - ამბობენ, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უთანხმოებაა.

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევას ახსენებს და ამბობს, რომ სწორედ ეს ფაქტი და მისი განცხადებებია ის მთავარი ფაქტორი, რომლის გამოც მსგავს ღონისძიებებზე ქვეყნის პრეზიდენტს ინფორმაციას არ აწვდიან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოში გუშინ იმყოფებოდა, გუშინვე გაფორმდა მემორანდუმი საქართველოსა და სომხეთს შორის, რომლის მიხედვითაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ვრცელ სიას სომხეთიც დაემატა. გაიმართა ორი ქვეყნის პრემიერის პირისპირ შეხვედრა და გაკეთდა ერთობლივი განცხადებები.

დღის ამბები