25 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება, რომელიც ფატალურად დასრულდა - რას ამბობს 20 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული და გაიზრდება თუ არა დამნაშავე პირთა წრე

თბილისის ცენტრში ჩადენილი მკვლელობის დეტალები - ბრალდებული 18 წლის სანდრო პაკელიანია, რომელიც 20 წლის მამაკაცის მკვლელობაშია ბრალდებული. სასამართლო დარბაზში სანდრო პაკელიანი სასამართლოში დუმდა. მას არაფერი უთქვამს, რა საერთო ჰქონდა მოკლულთან. 18 წლის ახალგაზრდა პროკურატურის ბრალს არც დაეთანხმა და არც უარყო. არ უსარგებლია არც სიტყვით. ჭირისუფალს კი, ბრალდებულის სკამიდან მიუსამძიმრა - "ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს, ცუდია, ეს რომ მოხდა. ვიყენებ დუმილის უფლებას."

სასამართლომ დღევანდელ პროცესზე პროკურატურის ვერსიით იხელმძღვანელა. გამოძიება ამტკიცებს, რომ სანდრო პაკელიანმა 20 წლის ნიკიტა აგიევს დანა 4-ჯერ დაარტყა, შემდეგ კი ადგილიდან ტაქსით მიიმალა. დანაშაულის ჩადენის მოტივად შურისძიება სახელდება. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, მოკლულსა და მკვლელს წარსულში უთანხმოება ჰქონდათ.

ჯერჯერობით დაცვის მხარეს სასამართლო სტრატეგია შემუშავებული არ აქვს. ადვოკატი ბოლომდე არ იცნობს მტკიცებულებებს და საქმის განხილვის დასაწყისში პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულის ჩადენის მომენტში მკვლელობაში ბრალდებული მარტო არ იმყოფებოდა. "კურიერის" ინფორმაციით, პროკურატურას რამდენიმე პირი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. ახლა გამოძიება მოსამართლის განჩინებას ელოდება, რათა ამ ეპიზოდის ვიდეოჩანაწერები მოიპოვოს. სახელმწიფო ბრალდება არ გამორიცხავს, რომ სანდრო პაკელიანს უკვე წაყენებული ბრალი გადაკვალიფიცირდეს და კიდევ უფრო დაუმძიმდეს. ამასთან, მოსალოდნელია დამნაშავე პირთა წრის გაზრდაც.

ნიკიტა აგიევი ქალაქის ცენტრში, ორი დღის წინ მოკლეს. 20 წლის მამაკაცი კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა. უმძიმესი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულ სანდრო პაკელიანს 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები