25 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დემონიზება მიზანმიმართულად მიდის - პაატა მანჯგალაძე

"აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსთან" დაკავშირებით, შეფასებები გრძელდება. ოპოზიცია მონაცემებს იზიარებს. მმართველი გუნდის ოპონენტთა უმრავლესობას არ უჩნდება დამატებითი კითხვები, თუ რა მიმართულებით შეიძლება უსწრებდეს საქართველოს მოლდოვა, ან უკრაინა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტიის "სტრატეგია აღმაშენებელი" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დემონიზება მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

"ყველა ვხედავთ, რომ არცერთი ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო საქართველოში, ჩატარებული არ არის. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დემონიზება მიზანმიმართულად მიდის," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ საქართველოში რეფორმები არ ხორციელდება.

"მთავარი გზამკვლევი, ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, იყო 12 პუნქტი. საქართველო ჩამორჩება მთავარ პარტნიორ ქვეყნებს, მოლდოვას, უკრაინას, მეზობელ ქვეყნებს და ეს, პირველ რიგში, გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში არ ხორციელდება რეფორმები,“ - აცხადებს ლაშა ფარულავა.

 

დღის ამბები