კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულის მამხილებელი დოკუმენტი, რომელიც ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელთა დევნას ასახავს, ახმეტელის თეატრის სცენაზე გაცოცხლდება. "ანა ფრანკის დღიური" ან "დღიური, სახელწოდებით თავშესაფარი", ოთხ კედელში გამოკეტილი 13 წლის ებრაელი გოგოს 2 წლის განმავლობაში გაკეთებული ჩანაწერია, სადაც ის ბავშვური გულწრფელობით ასახავს საკუთარ განცდებს, შიშსა და წუხილს.
ანა ფრანკი ნაცისტებმა იპოვეს, თუმცა გადარჩა მისი დღიური, რომელიც 20-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა ებრაელთა ჰოლოკოსტის. სწორედ სკოლის მოწაფე ებრაელი გოგონას განცდების გადმოცემას შეეცდებიან მსახიობები სცენაზე, მათ შორის იმ ისტორიის, რომელიც ანა ფრანკს სპეციალურ სამალავში გადახდა. ორ მოქმედებიანი სპექტაკლის პრემიერა რეჟისორმა სიმბოლურად 27 იანვარს, ებრაელთა ჰოლოკოსტის დღეს დაამთხვია.