25 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
დაბალი ქულა საკუთარ ქვეყანას - პირადი მოსაზრებები თუ პოლიტიკური დავალება, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებული ინდექსის შედგენაში

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებული ინდექსის შედგენაში, საქართველოდან 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა. კვლევის დასკვნით ნაწილში ისიც მითითებულია, რომ რეიტინგის დამუშავების პროცესში ორგანიზაცია ექსპერტების მოსაზრებებს დაეყრდნო. როგორ და რატომ მიენიჭა ევროპასთან დაახლოების კვლევაში საქართველოს ადგილი მოლდოვასა და უკრაინის შემდეგ, მონაცემების შედგენაში ჩართული ექსპერტები ამბობე, რომ პირადი, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის და ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოსაზრებები გამოიყენეს.

ქართველი ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შედგენილი კვლევისგან, რადიკალურად განსხვავდება მსოფლიოს ავტორიტეტული, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების დასკვნები, რომელშიც საქართველო ყველგან მოწინავე პოზიციებზეა და უსწრებს არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, წევრ სახელმწიფოებსაც კი.

რატომ განსხვავდება ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნები ქართველი ექსპერტების მოსაზრებით შექმნილი ინდექსისგან? მმართველი გუნდისთვის ამას ერთადერთი ახსნა აქვს - ევროინტეგრაციის საბოტაჟი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მონაცემები კვლევაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიზანმიმართულად დაამახინჯეს. მათივე თქმით, ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელშიც ოპოზიცია და მათი უცხოელი მოკავშირეებიც მონაწილეობენ, მიზანი კი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის ხელის შეშლაა.

ოპოზიციისთვის ევროპასთან დაახლოების კვლევის შედეგები გასაგები და მისაღებია. მათ კითხვები არც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქვთ, ვისი მონაცემითაც საქართველო მესამე ადგილზე აღმოჩნდა. "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს ისიც თქვეს, რომ იმ კვლევების მეთოდოლოგიაა შესასწავლი, რომლითაც საქართველო უკრაინას და მოლდოვას უსწრებს.

ოპოზიციის განცხადებები და არასამთავრობო სექტორის ქმედებები მმართველი გუნდისთვის იმის მტკიცებულებაა, რომ ისინი ერთი სცენარით და საერთო ანტიეროვნული მიზნებით მოქმედებენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამ პროცესში გარე ძალებიც აქტიურად მონაწილეობენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი მონიტორინგის ინსტრუმენტია, რომელიც დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნების საქმიანობას და მათ პროგრესს სწავლობს.

დღის ამბები