25 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
საქართველოსთვის ახალი ისტორიული მაქსიმუმი - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები და ექსპერტები, კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიციას

29-ე ადგილი და კორუფციის კონტროლის ახალი ისტორიული მაქსიმუმი,_ ეს საქართველოს 2023 წლის შედეგია კეთილსინდისირების ინდექსში, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 10 ბალიანი სისტემით 7,56 ქულა მიიღო, რაც მისი ახალი, ისტორიული მაქსიმუმია.

ასევე ისტორიულად საუკეთესოა ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია. საქართველო 30 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და 32-ე ადგილიდან 29-ე პოზიციაზე დაწინაურდა. ეს საუკეთესო სარეიტინგო შედეგია, რაც კი საქართველოს აქამდე დაუფიქსირებია. კეთილსინდისიერების ინდექსი, ქვეყანაში კორუფციის კონტროლის დონეს აფასებს. იკვლევს სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მაჩვენებლებს.

ის, რომ საქართველო კორუფციის დაბალი დონით მოწინავე პოზიციაზეა, სიახლე არ არის ექსპერტებისთვის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ მაჩვენებლით, ქვეყანა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც უსწრებს, რასაც არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს.

კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველოს ახალ ისტორიულ შედეგს პოლიტიკოსებიც აფასებენ. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ ასეთი კვლევები რეალურ სურათს ვერ ასახავს. მმართველი გუნდი კი კვლევითი ორგანიზაციების პროფესიონალიზმსა და დამოუკიდებლობაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ საქართველო ყველა მიმართულებით ლიდერია, რაც ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგია.

ევროპული კვლევითი ცენტრის ინდექსს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 და ნატოს ათ ქვეყანას.

გამოქვეყნებული ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების კვლევებს და ანგარიშგებებს. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირის კვლევისა და განვითარების პროგრამა.

დღის ამბები