25 ნოემბერი 2024,   18:58
ვრცლად
ჩვენ განვიხილავთ საქართველოს, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორს შავ ზღვაში უსაფრთხოების თვალსაზრისით - ჯეიმს ობრაიენი

"ჩვენ განვიხილავთ საქართველოს, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორს შავ ზღვაში უსაფრთხოების თვალსაზრისით" - ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენმა გააკეთა.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ამ კონტექსტში ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ სამხედრო პორტის მშენებლობაზე და შეშფოთება გამოხატა.

ჯეიმს ობრაიენის თქმით, ამ მიმართულებით, დასავლეთს მუშაობა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოუწევს.

ონლაინ დისკუსიის დროს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც და დადებითად შეაფასა რეფორმები, რომელთაც ქვეყანა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ატარებს.

"საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიას. ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ ამ მისიასთან და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოში მართლაც ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები წარმატებული იქნება, რადგან ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი მუდმივად ამბობს, რომ მათ სურთ რეფორმები, ასევე ევროკავშირში გაწევრიანება. სწორედ აქ უნდა დავდგეთ ახლა. საქართველოს მთავრობამ მართლაც გასწია ძალისხმევა რეფორმების განსახორციელებლად, განსაკუთრებით - ბოლო თვეებში. ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს. ვფიქრობ, არსებობს საფუძველი, ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ საქართველო ამ გარემოში მთავარი კონტრიბუტორი იქნება.

ჩვენ ახლა ვიცით, რომ რუსეთი დიდ ინვესტიციას დებს საკუთარ პორტ ნოვო-რასისკში. ის ინვესტიციას ახორციელებს ან ართმევს უკრაინას პორტებს და ცდილობს მათ ექსპლუატაციას. აფხაზეთში ინფრასტრუქტურას აშენებს. ასე რომ, ეს იქნება ის, რაზეც მოგვიწევს მუშაობა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ ამას გავუმკლავდებით," - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.

დღის ამბები