უკრაინაში მიმდინარე ომმა, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, არასტაბილური გარემო შექმნა მეზობელ ქვეყნებში. დაცარიელებული სარკინიგზო სადგურები, უკმაყოფილო მგზავრები და ქაოსი გერმანიის სატრანსპორტო სამსახურში. ქვეყნის მასშტაბით, მატარებლის მემანქანეებმა ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვა დაიწყეს. გაფიცვა 6 დღე გაგრძელდება. პროტესტის შედეგად მიყენებული ფინანსური ზარალის გათვალისწინებით, ეკონომისტებმა გაფიცვას ისტორიულიც კი უწოდეს.
ვარაუდობენ, რომ სარკინიგზო კონცერნ "დოიჩე ბანთან" მიმდინარე შრომითი დავის გამო დაწყებული გაფიცვა გავლენას ათასობით მგზავრზე მოახდენს. ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკა შესაძლოა, მილიარდ ევროზე მეტით დაზარალდეს.
მატარებლის მემანქანეებისთვის "დოიჩე ბანის" მიერ შეთავაზებული გაუმჯობესებული პირობები მოლაპარაკებებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. დასაქმებულები ხელფასის 550 ევროთი ზრდასა და სამუშაო გრაფიკის შემცირებას ითხოვენ.
მემანქანეების გარდა, გერმანიაში ფერმერების გაფიცვაც მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ქალაქში გზები ტრაქტორებით გადაკეტეს. პროტესტის მიზეზი გერმანიის მთავრობის გეგმაა, რომელიც აგროკულტურული სუბსიდიების ეტაპობრივ შეწყვეტას ითვალისწინებს. ფერმერების თქმით, მთავრობის გეგმები, რომელიც ქვეყანას დაახლოებით 900 მილიონ ევროს დაუზოგავს, მათ ბიზნესებს გააკოტრებს.
პროტესტის ნიშნად, გზები გადაკეტეს ფერმერებმა საფრანგეთშიც. მომიტინგეები მთავრობისგან რეგულაციების შემსუბუქებას, იაფი იმპორტისა და მზარდი ხარჯებისგან დაცვას მოითხოვენ. ფერმერების თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ფერმერების პროტესტია პოლონეთშიც. აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს. ფერმერები უკრაინული აგრარულ პროდუქტის შეტანის შეზღუდვას ითხოვენ, რადგან იაფი პროდუქცია, გერმანიისა და საფრანგეთის ბაზრის მსგავსად, მათაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს აყენებს.