25 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
ვინ შეადგინა ინდექსი, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ პარტნიორობაში პირველ ადგილზე მოლდოვაა - მმართველი გუნდი ოპოზიციას ევროინტეგრაციის საბოტაჟში ადანაშაულებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით, მოლდოვა ლიდერობს, მეორე ადგილზე უკრაინაა, საქართველო კი - მესამეზე.

გამოცემა აფასებს 2021 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე მიღწეულ პროგრესს სამ თემატურ სფეროში: 1) დემოკრატია, მმართველობა და კანონის უზენაესობა, 2) პოლიტიკის თანხვედრა, 3) მდგრადი განვითარება. ინდექსის შემუშავების პროცესში, ქართველი ექსპერტების გარკვეული ნაწილიც მონაწილეობდა და პუბლიკაციას, ავტორების სახით, მათი გვარებიც ახლავს. მათ შორის არიან გიორგი დავითური და კორნელი კაკაჩია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ანგარიში არა მათ პირად მოსაზრებებს, არამედ კონკრეტული სპეციალისტების დასკვნებს ეფუძნება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსისგან განსხვავებით, საწინააღმდეგოზე მეტყველებს საერთაშორისო, ავტორიტეტული გამოცემებისა და მსოფლიო კვლევითი ორგანიზაციების დასკვნები და რეიტინგები საქართველოს პოზიციების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი კვლევით, კანონის უზენაესობაში საქართველო 20 პოზიციით უსწრებს მოლდოვის რესპუბლიკას. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კი, მოლდოვა 180 ქვეყანაში 91-ე ადგილზეა, უკრაინა 116-ზე, ხოლო საქართველო 45-ე ადგილს იკავებს. მექრთამეობის სიმცირით კი, მსოფლიო ბანკის რეიტინგში, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 15 ქვეყანაშია.

უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევითი ორგანიზაციების დასკვნების უარყოფა და გარკვეული მონაცემების დამახინჯება შეგნებულად და მიზანმიმართულად ხდება. ამ მოქმედების უკან, გურამ მაჭარაშვილი იმ ძალებს ხედავს, რომელიც ჯერ კანდიდატის სტატუსის მიღებას უშლიდნენ ხელს, ახლა კი მოლაპარაკებების გახსნას ეწინააღმდეგებიან.

ოპოზიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის მონაცემებს იზიარებს. მათ უმრავლესობას დღეს არც დამატებითი შეკითხვა გასჩენია, რაში შეიძლება უსწრებდეს საქართველოს მოლდოვა, ან უკრაინა.

ოპოზიციის განცხადებები და არასამთავრობო სექტორის ქმედებები მმართველი გუნდისთვის იმ სცენარის ნაწილია, რომლის მიზანი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. უმრავლესობაში იმასაც აკონკრეტებენ, რომ ამ პროცესში გარე ძალებიც აქტიურად მონაწილეობენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი მონიტორინგის ინსტრუმენტია, რომლის მიხედვით აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის საქმიანობა და პროგრესი ფასდება.

დღის ამბები