25 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანების საქმეზე დაკავებულები დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებენ

თბილისის საქალაქო სასამართლო, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული პირების საქმეზე მსჯელობს. საუბარია კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასიას შესახებ, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით აქვთ წარდგენილი. ორივე მათგანს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავებიან.

მოსამართლე, ამ წუთებში, სათათბიროდ არის გასული. რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, აღკვეთის რომელ ღონისძიებას გამოიყენებს მოსამართლე. მანამდე, სასამართლო სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლეს ბრალდებულებმა. მათ დანაშაული ნაწილობრივ აღიარეს და აცხადებენ, რომ ზიანს აანაზღაურებენ.

დაპირისპირების დროს, კიდევ 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ყველა მათგანი ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტის, ქეთი ჩუთლაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იმსჯელებენ.

"ისინი სისხლის სამართლის წესით არიან დაკავებულები და პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება. სასამართლო იმსჯელებს მათ მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. პროკურატურა ითხოვს, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა იქნეს გამოყენებული. არ ვეთანხმებით ამ შუამდგომლობას. აღმკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა იყოს დატოვებული ბრალდებულება", - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

პროკურორის, როინ ხინთიბიძის განცხადებით, ბრალდების მხარე ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

"პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. აღნიშნული ქმედება, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე, რაც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული. საქმეში არაერთი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის - გამოკითხვის ოქმი, ვიდეოჩანაწერები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები. ეს ყველაფერი, ერთობლიობაში, ადასტურებს ბრალდების მხარის ქმედებას. ბრალდებულები იყენებენ დუმილის უფლებას", - განაცხადა როინ ხინთიბიძემ.

დღის ამბები