25 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ირაკლი კობახიძე-ვიღაცებს არ მოსწონთ, რომ ეკლესია სარგებლობს განსაკუთრებული რეპუტაციით და ნდობით, შესაბამისად, უნდათ შეარყიონ ეს ნდობა. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ახსნა აქვს იმ შეტევას, რომელიც ხორციელდება ეკლესიაზე

"მაქსიმალურად ვერიდებით ამ თემაზე საუბარს. ეკლესიას თვითონ აქვს საშუალება, რომ დაიცვას საკუთარი თავი ნებისმიერი შემოტევისგან, მაგრამ როდესაც თავდასხმები განსაკუთრებულ სახეს და ინტენსივობას იძენს, ასეთ დროს მგონი ჩვენი ჩარევაც აუცილებელია"- აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, ის რაც სამების საკათედრო ტაძარში მოხდა აქვს პოლიტიკური საფუძველი და არ შეიძლება ბოლშევიზმი საქართველოში სარგებლობდეს რაიმე წარმატებით.

"იყო ძალიან სერიოზული შეტევის მცდელობა ეკლესიაზე. ყველაფერი დაიწყო შობის დღესთან დაკავშირებული განცხადებებით. მაინც და მაინც იმ დღეს გაახსენდა გიორგი კანდელაკს რომ სტალინის გამოსახულებით იყო ხატი განთავსებული სამების ტაძარში. რა თქმა უნდა სპეციალურად დაამთხვიეს განცხადება შობის დღესასწაულს იმისათვის, რომ მეტად გაემძაფრებინა ამ შეტევის შინაარსი. მერე გაგრძელდა იმ ვანდალიზმით, რომელიც ვიხილეთ სამების ტაძარში. ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე აქვს პოლიტიკური საფუძველი. ვიღაცებს არ მოსწონთ ის, რომ ეკლესია ყველაფერთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული რეპუტაციით და ნდობით ქვეყანაში, შესაბამისად, უნდათ რაღაცნაირად შეარყიონ ეს ნდობა. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ახსნა აქვს იმ შეტევას, რომელიც ხორციელდება ეკლესიაზე. საბოლოო ჯამში, ეს არის იმ შეტევის ნაწილი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ყველაფერი, რასაც უკავშირდება ჩვენი ეროვნული იდენტობა, ამ ადამიანების მხრიდან არის შეტევის პირდაპირი საგანი და ეს წლებია გრძელდება. ისინი ამაყობენ იმით, რომ ეკლესიის მიმართ ნდობა 99 %-დან შემცირდა პირობითად 95%-მდე და ა.შ. ასეთი რაღაცები უხარიათ ამ ადამიანებს. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიზმის გამეორება ასი წლის თავზე. გახსოვთ, რომ პიკზე იყო ბოლშევიზმი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 1 საუკუნის წინ და ამ ყველაფრის გამეორებას ვხედავთ ამ ადამიანების სახით, როგორიც არის გიორგი კანდელაკი, ნატა ფერაძე და ა.შ. არ შეიძლება ბოლშევიზმი საქართველოში სარგებლობდეს რაიმე წარმატებით. შესაბამისად რაღაც მომენტებში ჩვენ ვალდებულად ვთვლით საკუთარ თავს, რომ დავიცვათ ეკლესია, ეკლესიის ინტერესები, როდესაც შეტევების ინტენსივობა იზრდება"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები