ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას კეკელიძის პირველი ნომრიდან წინ მრავალწლიანი დავა უძღოდა. დარეჯან დვალმა, რომელიც დღეს აღნიშნულ ბინას ფლობს, ფართი საჯარო აუქციონზე 2018 წელს შეიძინა, ბინას გადმოჰყვა მარინე ხატიაშვილის ვალიც, რომელიც ადვოკატის თქმით, დვალმა დაფარა. უძრავი ქონების მესაკუთრის ინტერესების დამცველი განმარტავს, რომ გამოსახლებამდე სასამართლო პროცესების გარდა, შეთანხმების მცდელობებიც ჰქონდათ, თუმცა, ხატიაშვილი ყველა შეთავაზებაზე უარს ამბობდა. შეთავაზება დვალს ახლაც აქვს - ადვოკატი ამბობს, რომ თუკი ხატიაშვილის ოჯახი ბინის ახალ მესაკუთრეზე ზეწოლას შეწყვეტს, დარეჯან დვალი მზადაა მათ ქავთარაძის ქუჩაზე არსებული უძრავი ქონება გადასცეს.
შეთავაზებას არ იღებს ხატიაშვილის ოჯახი, სადაც იმ რისკებზე საუბრობენ, რაც უძრავი ქონების ჩუქებას ახლავს თან. გიორგი კიკნაველიძე ამბობს, რომ გამოსახლების მიუხედავად, ისინი კეკელიძის პირველ ნომერში არსებული ბინის დათმობას არ აპირებენ და დარეჯან დვალის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ.
კეკელიძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები დღეს პოლიტიკური შეფასების საგანიც გახდა. მათ შორის, საკითხს აფასებს მამუკა ხაზარაძე - эლელოსэ ლიდერი და TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს, ბანკი მოვალეებს კერძო საკუთრებას არ ართმევდა.
სტატისტიკაც სხვა ფაქტებზე მეტყველებს, ირკვევა, რომ 2012 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, TBC ბანკმა დავალიანების დაბრუნების მიზნით 1085 უძრავი ქონება გაყიდა და მეტიც, ბანკი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონზე გატანილ და მოქალაქეებისთვის ჩამორთმეულ ამ ქონებას ყიდულობდა. TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი ამ დროს სწორედ მამუკა ხაზარაძე იყო, რომლისგან განსხვავებით ოპოზიციის მეორე ნაწილი ამბობს, რომ ვალს აღების შემთხვევაში დაბრუნება უნდა.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ კონსტიტუცია ყველა მოქალაქეს იცავს და მესაკუთრის უფლებების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ იმასაც, რომ ასეთ დროს კანონისა და ემოციების ერთმანეთისგან გამიჯვნა აუცილებელია.
თბილისის ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გუშინ გამოასახლეს, რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირებაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ამ პროცესში ბინაში მყოფმა ადამიანებმა, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით კი, ადგილზე შეკრებილებმა სამართალდამცველებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს, საცხოვრებელი ბინის ფანჯრებიდან ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთებიც. უწყებამ გუშინ 20 პირი დააკავა, მათ შორის 18 ადმინისტრაციული წესით, ორს კი აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავებიან.