25 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
თინა ხიდაშელის ფონდის ვრცელი განცხადება - რას ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაფინანსებაზე და იღებს თუ არა "სამოქალაქო იდეა" თანხებს ტაივანისგან

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტაივანურ ფონდებთან თანამშრომლობას ორგანიზაციის სახელით გავრცელებული განცხადებით ეხმაურება. წერილი ვრცელია, თუმცა უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვები დამატებით კითხვებს აჩენს. განცხადებაში წერია, რომ სამოქალაქო იდეა დაფინანსებას არაერთი ქვეყნის საელჩოსგან იღებს, თუმცა უარყოფს ტაივანის სამთავრობო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს. ხიდაშელის ორგანიზაცია პოზიციას არც ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასთან დაკავშირებით აფიქსირებს.

ხიდაშელი ტაივანური ფონდების დამოუკიდებლობას ამტკიცებს, თუმცა საპირისპიროს ადასტურებს საჯარო დოკუმენტაცია. "სამოქალაქო იდეის" ერთ-ერთი დონორი, "ტაივანის ფონდი დემოკრატიისთვის”, სწორედ ტაივანის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ფონდი საგარეო საქმეთა სამინისტროს შექმნილია და მას ტაივანის პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ინფორმაცია საჯაროა. 2020 წლის 5 მარტს, საკანონმდებლო იუანის პრეზიდენტი იუ სი-კუნი "ტაივანის ფონდი დემოკრატიისთვის" თავმჯდომარედ მეექვსე ვადით აირჩიეს, ვადის ამოწურვის შემდეგ, ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დატოვეს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის კიდევ ერთი დონორი ორგანიზაციაა "დაბლ სინქ ლაბ", რომლის მიზნებს შორის ჩინური პროპაგანდის და გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაა.

თინა ხიდაშელი ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ტაივანის ფონდიდან მხოლოდ 5000 დოლარი აქვს აღებული. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ საჯარო ინფორმაციის გარდა, ყოფილი მინისტრი დაფინანსების სხვა წყაროებს არ ამხელს.

"სამოქალაქო იდეა" რომ ტაივანის მთავრობისგან ფინანსდება, ამაზე არც ხიდაშელის ორგანიზაციის პარტნიორი პოლიტიკოსები საუბრობენ. თუმცა პრობლემას ტაივანური ფონდებისგან მიღებულ დაფინანსებაში ვერ ხედავენ. ამტკიცებენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოლიტიკური ხედვა ორგანიზაციის დონორების ინტერესებთან კავშირში არ არის.

ქართული ოცნების შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მისი პარტნიორების ანტიჩინური განცხადებები ეროვნულ ინტერესებს აზიანებს და მიმართულია საქართველოს, როგორც ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ხიდაშელის გამონათქვამები სწორედ მისი დამფინანსებლის, ტაივანის სამთავრობო ფონდების მიზნებიდან გამომდინარეობს.

ტაივანური ფონდებისგან დაფინანსების მიღების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა წერილი ორგანიზაციის სახელით გამოაქვეყნა. თუმცა ხიდაშელის პერსონალური ტონი ერთ მონაკვეთში მაინც იკითხება.

დღის ამბები