საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო, - ამის შესახებ მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადაა, გალერეის სპეციალისტებს ექსპონატების რესტავრაციაში დაეხმაროს.
"ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და, ამ მიზნით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისგან შექმნას სპეციალური ჯგუფი", - აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
ოკუპირებულ სოხუმში აფხაზი მხატვრების "ოქროს ფონდი" დაიწვა - განადგურებულია ნახატების 4 000-მდე ეგზემპლარი.