25 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
თბილისის საკრებულოში დღეს ხმაური იყო - რა კონკრეტული საკითხების განხილვას მოყვა ურთიერთბრალდებები ოპონენტების მხრიდან

ხმაური საკრებულოს სხდომაზე წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხის განხილვას მოჰყვა. სიტყვიერად ერთმანეთს გიორგი გახარიას გუნდისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. პარტია "საქართველოსთვის" წევრები ამტკიცებდნენ, რომ დაუსრულებელმა სამუშაოებმა მოსახლეობას პრობლემა შეუქმნა. ბრალდებებს მიუღებელი და ხელოვნური უწოდა სახელისუფლებო გუნდმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადების მიმართ კრიტიკა ისმოდა "ლელოს" მხრიდანაც. "ქართული ოცნებისთვის" კი ოპონენტების განცხადებები არასერიოზულია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც, მათი თქმით, მერია წერეთლის გამზირის უპრეცედენტო რეაბილიტაციას ახორციელებს. მმართველ პარტიაში ისიც თქვეს, რომ რეაბილიტაცია გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღეს ყურადღება განსაკუთრებულად გაამახვილეს გაბრიელ სალოსის გამზირზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა იყო. პროექტს სახელისუფლებო გუნდმა მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა, მის მიმართ კრიტიკულია ოპოზიცია.

კრიტიკას, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ისანში დაგეგმილ მშენებლობას ეხებოდა, სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემაც უპასუხა. გიორგი ტყემალაძემ თქვა, რომ ოპონენტები სპეკულირებენ და ამ ფორმით ახლა პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ.

ოპოზიციის განცხადებებს ფონდი "ქართუც" პასუხობს. განმარტავენ, რომ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით დეზინფორმაცია ვრცელდება. ფონდში განმარტეს, რომ "ქართუს" შვილობილი სამი კომპანიის საკუთრებაში რამდენიმე მიწის ნაკვეთი არსებობდა და მათი რეალიზაცია გადაწყდა. "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ, ფონდი აქტივებს ავითარებს, ყიდის ან აქირავებს და შემოსულ თანხებს საქველმოქმედო პროექტებისთვის იყენებს.

სხდომა საკრებულოში დღეს დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 28 საკითხი განიხილეს.

დღის ამბები