მთავრობა "რესპუბლიკური საავადმყოფოს" შენობის დემონტაჟს და ახალი კლინიკის მშენებლობას გეგმავს. თანამშრომლებს კომპენსაციებს და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობენ. გეგმების შესახებ სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გაიმართა შეხვედრა პერსონალთან. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ესაუბრნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე ამბობს, რომ შრომის ინსპექცია, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, მაქსიმალურად იქნება ჩართული, რათა თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული.
"შრომის კოდექსის მიხედვით, განსაზღვრულია გარკვეული პროცედურები, რაც უნდა განახორციელოს ორგანიზაციამ, როდესაც ხდება სამუშაო პროცესის შეჩერება ან გათავისუფლება დასაქმებული პერსონალის. ამ შემთხვევაში, საუბარი კანონმდებლობის მიხედვით, არის ორი თვე. უპრეცედენტოა, რასაც სახელმწიფო სთავაზობს მედ პერსონალს,“ - ამბობს ბექა ფერაძე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა თავართქილაძე ამბობს, რომ ქვეყანას მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება უნდა ჰქონდეს.
"ის, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ახალი და ძალიან კარგი, ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე ახლა გვაქვს, სახელმწიფო კლინიკა, ამაზე ყველა ვთანხმდებით" - ამბობს თეა თავართქილაძე.
ჯანდაცვის სამინისტროს პროექტების მიმართულების მენეჯერი, ნინო კვერნაძე აცხადებს, რომ შეთავაზებას მიიღებს ყველა თანამშრომელი და მოლაპარაკებების პროცესები აქტიურად გაიმართება.
"თანამშრომელი, რომელიც მუშაობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მხოლოდ, მისთვის არის შეთავაზებული განსხვავებული პაკეტი, ის თანამშრომელი, რომელიც სხვაგანაც მუშაობს, მისთვის არის განსხვავებული. ეს შეთავაზება ეხება როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე ადმინისტრაციულს, რაც ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე გამონაკლისი. რაც შეეხება თვითონ პაკეტს, ანუ იმ შემთხვევაში თუ პირი მუშაობს, ანუ თავიდანვე უარს იტყვის რესპუბლიკურთან გააგრძელოს რაიმე ტიპის შრომითი ხელშეკრულება, მიეცემა 12 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია.
იმ შემთხვევაში, თუ პირი მუშაობს სხვა სამსახურშიც, მას მიეცემა მხოლოდ 4 თვის კომპენსაცია. იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის 12 თვიან ანაზღაურებაზე, მას მიეცემა საშუალება, რომ აირჩიოს სხვა ტოლფასი თანამდებობა და ტოლფასი თანამდებობის არჩევის შემთხვევაშიც კი მიეცემა 4 თვის კომპენსაცია. გვაქვს კიდევ მეოთხე ვერსია, თუ დასაქმებული უარს აცხადებს მიმდინარე პოზიციის დატოვებაზე და მასზე ვერ მოხდა ტოლფასი სამსახურის შეთავაზება, ამ შემთხვევაში განიხილება მას შეუნარჩუნდეს სამ წლიანი ხელშეკრულება ყოველთვიური ხელფასის ოდენობით, თუმცა, აუცილებლად განიხილება დასაქმების შესაძლებლობა და მანამ, სანამ არ დასაქმდება, მას მიეცემა ყოველთვიური ანაზღაურება", - აცხადებს ნინო კვერნაძე.