25 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილმა ბელგიის პარლამენტის მიერ ორგანიზებული პარლამენტთაშორისი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპელ კოლეგებს ბრიუსელში სიტყვით მიმართა. მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც ევროკავშირის ურბანულ პოლიტიკას ეხება. მსჯელობის საგანია, როგორ უნდა შეიქმნას საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად თანაბარი შესაძლებლობები, რათა ქალაქები სწორად განვითარდეს.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში მოდერნიზაციისკენ გადაიდგა ნაბიჯები, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება გადასალახი, რათა ქვეყანა თანამედროვე მოთხოვნებთან იყოს შესაბამისობაში.

"საქართველო გასული წლის დეკემბერში გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ამ ისტორიული მომენტიდან იწყება ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების გზა. ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის, რომელიც ჩვენ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად უნდა გავიაროთ, რა თქმა უნდ,ა მრავალი მიმართულებით იქნება სამუშაო. საჭიროა პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება არა მხოლოდ ევროკავშირის ინსტიტუტებთან, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სხვადასხვა დონეებზე და სხვადასხვა საკითხებზე.

ეს კონფერენცია შესანიშნავი შესაძლებლობაა, ერთად ვიმსჯელოთ ისეთ საკითხებზე, რაც ერთი შეხედვით, სრულიად ადგილობრივი მნიშვნელობისაა, თუმცა, სწორედ ამ ადგილობრივი საკითხებისადმი ერთიანი მიდგომები ქმნის ევროპული სისტემის განვითარებისთვის საჭირო საერთო ჩარჩოს.

საქართველო თავისი ქალაქებით უძველესი ქვეყანაა, რთული ისტორიით, შერეული და საინტერესო არქიტექტურით, თანამედროვე მოთხოვნებით და ახალი შესაძლებლობებით, რაც ჩვენს წინაშე იხსნება.

ბოლო ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა გამოწვევებმა, რომლის წინაშეც დავდექით, კონფლიქტმა, რუსულმა აგრესიამ, ენერგო და ეკონომიკურმა კრიზისებმა, ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, თავისი გავლენა მოახდინა ურბანულ განვითარებაზე.

ჩვენ შევძელით მოდერნიზაციისკენ გადაგვედგა ნაბიჯები და ვცდილობთ უკეთ ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს გადასალახი იმისათვის, რომ თანამედროვე მოთხოვნებთან ვიყოთ შესაბამისობაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპული გამოცდილების გაზიარებას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ურბანულ განვითარებას შეეხება, იქნება ეს ფინანსები, მოქალაქეთა ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფა, თუ ეკოლოგიური საკითხები.

საპარლამენტო დონეზე მსგავსი საკითხების განხილვისას უნდა ვიმსჯელოთ, როგორ შევქმნათ საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად თანაბარი შესაძლებლობები ქალაქების სწორი განვითარებისთვის, იმგვარად რომ ქალაქები იყოს მაქსიმალურად კომპაქტური, მწვანე, მედეგი და კარგად შეკავშირებული. ლოკალური მნიშვნელობის საკითხების გადაჭრა თანამედროვე პირობებში ვერ მოხდება მხოლოდ ადგილობრივი პერსპექტივიდან. ტექნოლოგიური განვითარება, სხვადასხვა დონეზე გლობალიზაცია, სოციალური თუ მიგრაციული ასპექტები, რა თქმა უნდა აჩენს იმის საჭიროებას, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას, ხედვები იყოს უფრო ფართო.

ამისთვის, კი აუცილებელი არის ერთმანეთის მოსმენა, საერთო გამოწვევების განსაზღვრა, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, აკადემიური წრეებისა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მეტი ჩართულობა, ვინაიდან პოლიტიკის განსაზღვრა მათი რჩევების და მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელი იქნება,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

დღის ამბები